ევროპის საპატენტო უწყების ექსპერტებმა, საქპატენტის თანამშრომლებს ვირუსის შტამებზე საპატენტო ექსპერტიზის პრაქტიკა გაუზიარეს

ევროპის საპატენტო უწყების (EPO) ექსპერტებმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის ქიმიის, მედიცინისა და ბიოლოგიის სამმართველოს თანამშრომლებისთვის, ჰიბრიდულ ფორმატში, სასწავლო სესიები ჩაატარეს. სწავლების მიზანს წარმოადგენდა ვირუსის შტამებთან დაკავშირებული გამოგონებების საპატენტო ექსპერტიზის პრაქტიკის გაზიარება. ამის შესახებ ინფორმაციას “საქპატენტი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, სესიებს უძღვებოდა ევროპის საპატენტო უწყების ექსპერტი ლაურან დელიუ, რომელმაც მონაწილეებს გააცნო EPO-ს უახლესი მიდგომები, სტანდარტები და პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

“სასწავლო შეხვედრების ძირითადი თემები მოიცავდა ვირუსული შტამების, ვირუსული ვექტორების, მათ შორის, ადენოვირუსებისა და ლენტივირუსების საპატენტო ექსპერტიზას და მათი გამოყენების სხვადასხვა სფეროს – ვაქცინებში, ონკოთერაპიებში და სხვა ბიოტექნოლოგიურ ინოვაციებში. მონაწილეებმა კონკრეტული განაცხადების მაგალითზე დეტალურად განიხილეს ისეთი კრიტიკული საკითხები, როგორიცაა: გამოგონების პატენტუნარიანობა; აღწერილობის სისრულე; ბუდაპეშტის ხელშეკრულების საერთაშორისო სისტემის გამოყენება მიკროორგანიზმების დეპონირებისას; ევროპული საპატენტო კონვენციის (EPC) მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია ბიოლოგიური მასალებით შექმნილ გამოგონებებთან; ძიების სტრატეგიები; EPO-ს მიდგომა გამოქვეყნების შემდგომ ჩატარებულ კვლევებთან და წარდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. სესიები მიმდინარეობდა დისკუსიის ფორმატში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად მოიმატა განაცხადების რაოდენობამ ვირუსებთან დაკავშირებულ ბიოტექნოლოგიურ გამოგონებებზე. განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა ინტერესი გენური თერაპიის, ვირუსული ვექტორებისა და იმუნოთერაპიის მიმართ. ახალი შტამების სწრაფი ევოლუცია, მათი მუტაციური ბუნება და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე პოტენციური ზეგავლენა ტექნოლოგიური და სამართლებრივი გამოწვევების წინაშე აყენებს საპატენტო სისტემებს მთელ მსოფლიოში. შედეგად, ასეთი გამოგონებების ექსპერტიზა საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და სტანდარტიზებულ მიდგომებს.

სასწავლო აქტივობის ძირითადი მიზანია საქპატენტის ექსპერტების პროფესიული განვითარება და EPO-ს სტანდარტებისა და ინსტრუმენტების ინტეგრაცია ექსპერტიზის ეროვნულ პროცედურებში.

სასწავლო სესიები ჩატარდა ევროპის საპატენტო უწყებისა და საქპატენტის 2025–2026 წლების ორმხრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ექსპერტების მიზნობრივ მხარდაჭერასა და შესაძლებლობების განვითარებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები