ირანი ტრამპის მუქარას ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შესახებ „წითელ ხაზად“ მიიჩნევს
თეირანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის შესახებ „წითელ ხაზად“ მიიჩნევს, რასაც შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ ირანის პოლიტიკურ წრეებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმება აშშ-ს საშუალებას მისცემს გაანადგუროს ისლამურ რესპუბლიკაში არსებული ნებისმიერი ბირთვული ობიექტი. ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ირანთან შეთანხმების დადება „მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“ შეიძლება.
„ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტების განადგურების საფრთხე აშკარა წითელი ხაზია და თუ მას გადაკვეთენ, შედეგები მძიმე იქნება“, – ნათქვამია სააგენტო „ფარსის“ განცხადებაში.