ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა – ირაკლი ჩიქოვანი
„ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა. სამშობლოს სამსახური კი, ყველაზე დიდი პატივია“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე. სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებით მიულოცა ეროვნული დღესასწაული რეკრუტებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი 26 მაისს დადეს და ღვთისა და ქვეყნის წინაშე შეჰფიცეს, რომ პირნათლად მოიხდიან მხედრულ ვალს და საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლებენ სამშობლოსათვის.
„საუკუნეებმა გვასწავლა, რომ გონიერება და სიმტკიცე, ერთობა და ურთიერთ გატანა ქართველი ერის საუკეთესო იარაღია“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები არასდროს დაივიწყებენ, თუ რის ფასად მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა და არასდროს დაივიწყებენ იმ მებრძოლებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებას შესწირეს სიცოცხლე.
მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა დაუმარცხებელ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს და მათთან ერთად ვეტერანებს, რომლებმაც თავდაცვის ძალების მტკიცე საფუძველი შექმნეს.
ქართული ჯარისადმი სიტყვით მიმართვისას, ირაკლი ჩიქოვანმა ქედი მოიხარა დაღუპული გმირი მეომრების წინაშე და განაცხადა, რომ სწორედ ქართველი გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა თავისუფალი, სუვერენული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შექმნით უნდა დასრულდეს.