თურქეთში მომხდარი ავარიისას დაშავებულ ხატია ჩანჩიბაძეს ოპერაცია უტარდება
ამ წუთებში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ხატია ჩანჩიბაძეს ლავიწის ძვლის ოპერაციას უტარებენ – ამის შესახებ „კვირას“ პაციენტის მეუღლემ ირაკლი ჭაღალიძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტმა ავარიის შედეგად, სხეულის დაჟეჟილობა მიიღო, ხოლო შუბლისა და მენჯის არეში ჭრილობა აღენიშნება.
„ოპერაცია დაახლოებით ოცი წუთის წინ დაიწყო, ლავიწის ძვლის ოპერაცია უტარდება, თავის ტკივილები აქვს, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა მიიღო. ჩემს მეუღლეს შემთხვევის დეტალები არ ახსოვს. თუმცა, მითხრა, რომ მიკროავტობუსმა ჯერ მანანას დაარტყა, შემდეგ კი ჩემს მეუღლეს. ის, რომ მანანა გარდაიცვალა, ჩემმა ჩეუღლემ ამ დრომდე არ იცის, ვუმალავთ. თავის არეში საშინელი ტკივილები აქვს, არ ვიცი, ოპერაციას როგორ გადაიტანს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ირაკლი ჭაღალიძემ.
მისი თქმით, მისი მეუღლე სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით სარგებლობს და ოპერაციის ხარჯებსა და მკურნალობას დაზღვევა აანაზღაურებს. რაც შეეხება, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მანანა აბრალავა-ანდღულაძეს, იგი გუშინ გვიან საღამოს საკუთარ სახლში მიასვენეს. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
14 ოქტომბერს, თურქეთის ტერიტორიაზე, ქემალფაშას ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიაანთის მცხოვრები მანანა აბრალავა-ანდღულაძე ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ამავე სოფელში მცხოვრები ხატია ჩანჩიბაძე-ჭაღალიძე სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, ბათუმის ქალაქის საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. როგორც „კვირას“ ირაკლი ჭაღალიძემ განუცხადა, მიკროავტობუსის მძღოლი, რომელსაც ბათუმიდან თურქეთის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავდა, დაკავებულია.