„სკოლებში მოსწავლეთა დაინფიცირების ძალიან მაღალი საფრთხეა “
საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას” პრესკლუბში, ზოგადი განათლების პროფესიული კავშირების ხელმძღვანელმა ეკა ჩერქეზიშვილმა განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. ჩერქეზიშვილმა, საჯარო სკოლებში სანიტარულ -ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით არსებული უმძიმესი ვითარება განიხილა და განათლების სამინისტროს გარკვეული რეკომენდაციები მისცა.
ჩერქეზიშვილის განცხადებით, სამინისტრო არსებულ ბიუჯეტზე ბევრად მეტს საჭიროებს, თუმცა იმ ბიუჯეტის პირობებშიც კი, რაც მას დღეს აქვს, არ ხდება პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, რის გამოც უამრავ სკოლაში ინფრასტრუქტურის კუთხით სავალალო მდგომარეობაა შექმნილი.
„გაეროს დასკვნების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სანიტარულ – ჰიგიენური კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა. როგორც გაეროს დასკვნაშია აღნიშნული, სანიტარული ნორმები ყოველ მეხუთე სკოლაში დარღვეულია. მე განათლების სამინისტროს დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ სამინისტროს ბიუჯეტი 2015 წლისთვის დაახლოებით 480 მილიონ ლარს შეადგენს და აქედან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის 110 მილიონი ლარია განსაზღვრული. როგორც ჩანს, ეს თანხა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ყველა სკოლაში მოწესრიგდეს სანიტარული კვანძები ისე, რომ არ შეექმნას საფრთხე მოსწავლეთა ჯანმრთელობას“,- განაცხადა ეკა ჩერქეზიშვილმა. ზოგადი განათლების პროფესიული კავშირების ხელმძღვანელის განცხადებით, როდესაც მოსწავლე სკოლაში ხელის დაბანასაც კი ვერ ახერხებს, მერე კი ამ ხელით მიირთმევს საკვებს, ძალიან მაღალია ინფექციური დაავადებების საფრთხე, რის გამოც ის სწავლის პროცესს ჩამორჩება და სასურველ შედეგს ვერ აღწევს. ჩერქეზიშვილის განცხადებით, სამინისტრომ სწორად უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები და თანხების სწორად განკარგვა შეძლოს.
„ აქ არსებობს ერთადერთი გამოსავალი, განათლების სამინისტრომ სწორად უნდა შეაფასოს ეს კვლევები და თავისი ბიუჯეტიდან პრიორიტეტები ისე შეარჩიოს და თანხები ისე გადაანაწილოს, რომ სანიტარული ნორმების დაცვას ემსახურებოდეს. ეს თანხები, რასაც სახელმწიფო განათლების სამინისტროსთვის იძლევა, ძალიან მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ წელს 6 მილიონით გაიზარდა სამინისტროს ბიუჯეტი, თუმცა მათ უნდა შეძლონ და პრიორიტეტებისა და თანხების სწორად გათვლით მოაწესრიგონ დღეს არსებული მდგომარეობა. მაშინ კი, როდესაც ამ არასაკმარის თანხებსაც ვერ ითვისებს სამინისტრო, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ თანხებს არასწორად განკარგავს სამინისტრო“,- აღნიშნა ეკა ჩერქეზიშვილმა.