მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. “კვირა” ექსპრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ერთიანი პლატფორმა ახალი დღისთვის ძვირფასო თანამებრძოლებო და მეგობრებო! ყველანი მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ მიცოცავს ჩვენი ქვეყანა უკან, წარსულისაკენ – იმ პერიოდისკენ, რომელიც მწარედ გვახსოვს ქაოსით, ნგრევითა და განუკითხაობით. ოპოზიციის ლიდერები დაპატიმრებული არიან, ეკონომიკა ყავარჯნებზე დგას, დიდი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერებულია, ბიუჯეტი ისევ ირღვევა, თავს მშვენივრად გრძნობენ კრიმინალები და კანონიერი ქურდები, რომლებმაც უკვე აღიდგინეს კონტროლი ციხეებზე და დანაშაულებრივ სამყაროზე. წახალისებულია ყველა ჯურის ექსტრემისტი და მოძალადე, რომელიც მზად არის ფიზიკურად გაუსწორდეს განსხვავებული აზრის მატარებელსა თუ უმცირესობის წარმომადგენელს. რაც ყველაზე საგანგაშოა, დღითიდღე ძლიერდება რუსეთის პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში – როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით – მთელს სახელმწიფო სხეულში.

თავი და თავი პრობლემისა არის ის, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია მომავლის ხედვა – არ არსებობს ერთიანი, მწყობრი იდეა იმისა, თუ სად და როგორ უნდა გათენდეს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ჩემს მიერ ნაკეთები ყველა საქმის შეჩერების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და რეპრესიების მიღმა, არ არსებობს არანაირი მამოძრავებელი იდეა თუ ხედვა იმისა, თუ რისკენ უნდა ისწრაფვოდეს სახელმწიფო.

შეგნებულად ეთქვა უარი იმას, რომ გაგვაჩნდეს ეროვნული ამბიცია, რომელიც გაგვაერთიანებდა, როგორც საზოგადოებას და ჩვენს დიდ ეროვნულ ენერგიას მიმართავდა ქვეყნის შენებისა და თავისუფლებისაკენ. ხელიფუფლების გაცხადებული კურსი მიმართულია საქართველოს იდეის დაკნინებისკენ, ისინი ღიად უწუდებენ საქართველოს პატარა სოფელს, უმნიშვნელო ქვეყანას, რომელსაც არ უნდა გააჩნდეს რეგიონული ინტერესები და საერთაშორისო აქტუალურობა. საქართველოს არ ექნება მომავალი, იგი ვერასოდეს იქნება დაცული, თუ ჩვენი ქვეყნის განვითარება არ დაეფუძნა ჩვენს ეროვნულ ღირსებას, სიამაყესა და ამბიციას, რომ გვიწევდნენ ანგარიშს, გვცემდნენ პატივს და ვიყოთ აქტუალური საერთაშორისო ასპარეზზე.

ჩვენი პასუხი ამ სამწუხარო რეალობაზე არ უნდა იყოს დეპრესია, ხელების ჩამოშვება ან თუნდაც გაბრაზება. პირიქით, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა უნდა ვაქციოთ ჩვენს მოტივატორად იმისათვის, რომ გავერთიანდეთ, ერთად ჩამოვაყალიბოთ ახალი ხედვა ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის და შევათანხმოთ ახალი საქართველოს პროექტი – ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების ყველაზე ეფექტური მოდელი – ყველა წარმატებისა თუ წარუმატებლობის გათვალისწინებით, ზუსტად ისეთი, რომელიც ერთ მუშტად შეგვკრავს და ოპტიმიზმის განცდას დაუბრუნებს საზოგადოებას. საქართველო გაცილებით მეტს იმსახურებს, ვიდრე გაუგებარი ღირებულებების მქონე ადამიანების ხელში სტაგნაციაა, გაცილებით მეტს, ვიდრე გაუგებარი მოტივაციის მქონე ფიგურების მიერ წესიერი, კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის მომავლის იმედის წართმევაა, გაცილებით მეტს, ვიდრე რასაც დღეს ვუყურებთ. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ხელების ჩამოშვების უფლება, არ გვაქვს დასაკარგი დრო.

მე ახლა მოგმართავთ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, როგორც ერთ-ერთი თქვენთაგანი. რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა ვეკუთვნოდეთ, რა შეხედულებისაც არ უნდა ვიყოთ განვლილ 10 წელიწადზე, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ახლა მომავალზე ფიქრია. ფიქრი იმაზე, თუ რა არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის და რას უნდა ვაკეთებდეთ, რომ ჩვენი მომავალი თაობები გაიზარდნონ ჯანსაღ, მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში. რა არის საჭირო იმისათვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს წარსულისა და აწმყოს შეცდომები.

ჩვენი სახელმწიფოებრიობა უკვე აღარ არის პატარა, ჩვენი საზოგადოება უკვე საკმაოდ გამოცდილია. საქართველომ არაერთი მძიმე დღე გამოიარა. ჩვენ გამოვიარეთ გუშინწინდელი დღე – დღე ნგრევისა და ვარდნის. ჩვენ გამოვიარეთ გუშინდელი დღეც – დღე წინსვლისა და დიდი, თუმცა ხშირად მტკივნეული გარდატეხების. ჩვენ ვცხოვრობთ დღევანდელ დღეს, რომელიც აშკარად იქცა ლპობისა და სტაგნაციის დღედ.

ახლა ჩვენ ერთად, ყველა პოლიტიკური ძალა, და მთლიანად საზოგადოება უნდა დავფიქრდეთ ყველაზე მნიშვნელოვანზე – როგორი გვინდა იყოს საქართველოს ახალი დღე, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა გვასწავლა წარსულმა გამოცდილებამ, როგორ აღარ დავუშვათ ძველი შეცდომების განმეორება და როგორ გავაათმაგოთ ის, რაც უდაოდ კარგი იყო.

ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი კრიტიკულადაა განწყობილი ჩემი პრეზიდენტობის დროს განხორციელებული რეფორმების და მათი ფორმაბის მიმართ. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა გავაკეთეთ არასწორად. ბევრი ვიფიქრე გამოუყენებელ შესაძლებლობებზეც, კომპრომისებზე, რომელთა ზოგჯერ დაშვება იყო შეცდომა და ზოგჯერ არდაშვება. ვიფიქრე პრობლემებზე, რომელთა არსებობას თავის დროზე ვერ ვამჩნევდით, ან მათი მნიშვნელობა თვალში შეცდომით გვეპატარავებოდა. ვიფიქრე ასევე იმ უამრავ მიზანზე, რომელიც ჯერ კიდევ მისაღწევი დაგვრჩა.

ამ გამოცდილებამ, მეც და დარწმუნებული ვარ, თვითოეულ თთქვენგანსაც, ბევრ რამეზე ახალი თვალით შგვახედა. მათ შორის ერთ-ერთი, რაც განსაკუთრებული სიცხადით დავინახე არის ის, რომ ჩვენ ვერ შევძელით მთელი საზოგადოების ჩაბმა რეფორმების პროცესში. არასწორად და, ალბათ ქედმაღლურად გვეგონა, რომ ყველაფერს თავად შევძლებდით, რასაც ვაცნობიერებ და გულწრფელად ვნანობ. ამიტომ, ჩვენი მომავალი ძალისხმევა აღარასოდეს უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის ძალისხმევა. ეს უნდა იყოს მთელი საზოგადოების ჩართულობა ახალი საქართველოს შენებაში, დაფუძნებული პოლიტიკურ პლურალიზმისა და სამოქალაქო პოზიციათა მრავალფეროვნებაზე.

ამ ახალი საქართველოს იდეას დღეს წინ აღუდგა ჭორვილელი ოლიგარქი, რომელსაც საქართველოს მომავლის სულ სხვა ხედვა ამოძრავებს. მისი პროგრამა, რუსული ოლიგარქიული მმართველობის მოდელის საქართველოში დანერგვაზეა აგებული და სიცრუითა და პროვოკაციებით, ძალადობითა და პოლიტიკური რეპრესიებით, მოლაპარაკე თავების მოსყიდვითა და თავისუფალი აზრისადმი აგრესიით ოპონენტების განადგურებას და ჩვენ ქვეყანაში პროვინციული დიქტატურის დამყარებას გულისხმობს. რათქმაუნდა ეს მცდელობა ვერ გაიმარჯვებს, თუმცა გამოიწვევს ძალიან დიდ რყევებს საქართველოში.

ივანიშვილისა და მისი „ოცნების“ კოლაფსი გარდაუვალია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ოლიგარქის პროვინციული დიქტატურის ყოველი მორიგი დღე უფრო და უფრო მტკივნეული იქნება საქართველოსთვის. ხელისუფლების რღვევისა და ყველაზე და ყველაფერზე პირადი კონტროლის დაკარგვის საფრთხე, სულ უფრო აგონიურს გახდის ოლიგარქის მოქმედებებს, რაც დიდი რისკების წინაშე დააყენებს ქვეყანას და იმდენად დააზარალებს, რომ მის აღსადგენად ძალიან დიდი, ერთიანი ძალისხმევა დაგვჭირდება.

მჯერა, რომ ეს ძალისხმევა – “ოცნების” სახადისაგან განკურნება და ქვეყნის ხელახალი აღდგენა – აღარ და ვეღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის უბრალო “რიმეიკი”. გაცილებით მეტი იქნება საჭირო. საჭირო იქნება ახალი ამბიცია, ახალი ენერგია, ახალი პროექტი, რომელსაც განახორციელებს არა ერთი პარტია, არამედ მთელი საზოგადოება, მათ შორის საზოგადოების ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ნაწილი. ამიტომ, ჩვენ საზოგადოებას ბევრი დასაკარგი დრო არა ქვს. ამიტომ მოდით, ახლავე დავიწყოთ აზრთა გაცვლის ღია, გამჭვირვალე პროცესი, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა იდეა, რომელთა საფუძველზეც შევქმნით ერთიან ეროვნულ პლატფორმას წინსვლის გასაგრძელებლად.

ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, მომაწოდოთ თქვენი იდეები და რჩევები. მომწერეთ ჩემი ფეისბუქის გვერდზე. ჩემ გუნდთან ერთად, მე ყველაფერს გავეცნობი და თქვენი წინადადებების ანალიზის შედეგად, განსახილველად შემოგთავაზებთ ხედვას ჩვენი ქვეყნის ახალი, ასე ნანატრი დღისთვის. რაც მთავარია, ეს არ იქნება ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის პლატფორმა. ეს იქნება სოციალური პროცესი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავშალოთ საერთო ეროვნული დებატები იმაზე, თუ რა გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის, რა სჭირდება მის უკეთეს ხვალინდელ დღეს – პოზიტიური და ოპტიმისტური დებატები, ფოკუსირებული არა წარსულზე, არამედ მომავალზე.

როგორც ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, დავიწყებ ჩემი ხედვით. გაგაცნობთ ჩემს შეხედულებას იმ რამდენიმე დედაბოძზე, რომელზეც ჩემის აზრით, უნდა აშენდეს ახალი საქართველო. იმედი მაქვს, ჩემს მოსაზრებებს დაემატება თქვენი რჩევები და ჩვენ ერთად შევქმნით საქართველოს ახალი დღის მანიფესტს – თანამედროვე საქართველოს იდეას:

პირველი – განათლება

მე მართლაც ღრმად მწამს, რომ საქართველოს ახალი დღისთვის განათლება უნდა იქცეს ჩვენ ნომერ პირველ პრიორიტეტად. 1991 წლიდან მოყოლებული, განათლების მნიშვნელობა ვერ გააცნობიერა ვერცერთმა მთავრობამ, მათ შორის ვერც ჩემმა. ჩვენ ყოველთვის ფოკუსირებულნი ვიყავით მოკლე და საშუალოვადიან გამოწვევებზე, მაგრამ თუ არ ვიზრუნებთ განათლების გრძელვადიან ეფექტზე, ჩვენი ქვეყნის განვითარება ყოველთვის შეფერხდება, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, თანამედროვე, გახსნილი განათლების სისტემა, რომელიც ყველა ბავშვს შეუქმნის უმაღლესი სტანდარტის განათლების მიღებისთვის საჭირო გარემოს, ყველა მოზარდს გაუხსნის ზოგადსაკაცობრიო მონაპოვართა შეცნობის და სამყაროს აღქმის შესაძლებლობებს, ხოლო ახალგაზრდას აღჭურვავს საჭირო ინსტრუმენტებით, რათა იგი იყოს კონკურენტუნარიანი თანამედროვე სამყაროში. ქართველი მსოფლიოს უნდა ხედავდეს არა როგორც საფრთხეთა ზღვას, არამედ როგორც შესაძლებლობათა ოკეანეს. მე გთავაზობთ ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი ხედვა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული საქართველოს განათლების სისტემა და მოუთმენლად ველი თქვენს მოსაზრებებს – რა შევცვალოთ? რა სიახლე დავნერგოთ?

მეორე – თავისუფალი და დაცული მოქალაქე

ახალი საქართველოს ქვაკუთხედი უნდა იყოს მოქალაქე, რომელიც სახელმწიფოს განიხილავს საკუთარ პარტნიორად, რომელიც თავს გრძნობს დაცულად სახელმწიფოს მიერ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მხრიდან. ახალი საქართველო უნდა ეფუძნებოდეს ერთგვარ კონტრაქტს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. კონტრაქტს, რომელიც ეფუძნება ორმხრივ ვალდებულებებსა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ ერთად უნდა მოვძებნოთ ის მოდელი, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ წარსულის შეცდომები აღარ განმეორდება, რომ მთავრობამ ვეღარ გამოიყენებს სასამართლოს ან რომელიმე სამართალდამცავ თუ საგადასახადო ორგანოს მოქალაქის წინააღმდეგ.

ის პოლიტიკური დევნა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის წინააღმდეგ, ჩრდილს აყენებს საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებსა და სასამართლოს. თუმცა მე ვიქნები პირველი ვინც აღიარებს, რომ ჩვენ ვერ შევძელით უზრუნველგვეყო სასამართლო ხელისუფლების სრული დამოუკიდებლობა. ჩვენ შევძელით ხალხის დაცვა კრიმინალისა და კორუფციისგან, მაგრამ ვერ შევძელით მისი დაცვა გაძლიერებული სახელმწიფოსგან. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს? რა კონკრეტული ცვლილებები უნდა განხორციელდეს საამისოდ? რა მექანიზმები უნდა დაინერგოს იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები აღარასოდეს მოქმედებდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის დღის წესრიგის შესაბამისად? ეს არის ის კითხვები რაზეც ახლა უნდა ვეძებდეთ პასუხებს. დარწმუნებული ვარ, ამ პასუხებს აუცილებლად მივაგნებთ ერთობლივი, გახსნილი ძიებით.

მესამე – განვითარების, მაგრამ იმავდროულად თანაგრძნობის ეკონომიკა.

დიახ, ეს იქნება წარმატებული საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. როგორ გავაგრძელოთ საყოველთაო აღმშენებლობა, როგორ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, გავაჩინოთ ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის და, ამავე დროს, მოვახერხოთ, რომ ეკონომიკური განვითარებით მოტანილი სიკეთეების მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენი ზრუნვა და თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უშველის ქართულ ეკონომიკას. ეს სრულიად საპირისპიროა იმ პოლიტიკისა, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს. მაგრამ ამავე დროს აშკარაა, რომ ეკონომიკური განვითარების ის კურსიც, რომელსაც ჩვენ ვარდების რევოლუციის შემდგომ მივყვებოდით, საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენ უნდა შევქმნათ მექანიზმები, რათა ეკონომიკური განვითარება უფრო მალე და უფრო საგრძნობად აისახოს თითოეული ოჯახზე.

აქვე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მხოლოდ ლიბერალური, გახსნილი ეკონომიკა, მხოლოდ ძლიერი ბიზნესი და ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევა არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ. მემარცხენე რადიკალიზმი არ მუშაობს არსად, მით უმეტეს, საქართველოსნაირ ღარიბ ქვეყანაში. ფუჭი ოცნებაა, რომ მოვა ვიღაც მდიდარი კეთილი ბიძია და საკუთარი ჯიბიდან დაგვაპურებს და აგვაშენებს. უკანასკნელმა ორმა წელიწადმა ამაში ყველანი საბოლოოდ დაგვარწმუნა. ერთადრეთი სწორი კურსი არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იდეალების პირუთვნელი დაცვა, გახსნილი შესაძლებლობებით, მინიმალური საგადასახადო წნეხით, დაცული ბიზნესითა და მარტივი, მავნე რეგულაციებისგან თავისუფალი კანონმდებლობით. მაგრამ ისე, რომ მზრუნველობისა და თანაგრძნობის გარეშე არ დარჩეს არც ერთი მოქალაქე, ვინც თანადგომას საჭიროებს.

სწორედ ეს არის ჩვენი მომავალი საფიქრალი – როგორ განვავითაროთ ეკონომიკა ისე, რომ ეს სწრაფად და საგრძნობად აისახოდ თითოეულ ოჯახამზე?

მეოთხე – დეცენტრალიზაცია.

როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მთელი საქართველო თანაბრად და სწრაფად ვითარდებოდეს? რომ ყველა სოფელს თავად მიეცეს განვითარების საშუალება? ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება ჩვენი ახალი დღისათვის. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ რეგიონები და პერიფერიები მივატოვოთ და მარტო ცენტრები განვავითაროთ. საქართველოს ყველა რაიონს ესაჭიროება განვითარების სტიმულირება. ავად თუ კარგად, ჩვენ სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობდით და ვაკეთებდით კიდეც, როგორც შეგვეძლო. ამისთვის ვაჩენდით ახალ ტურისტულ კერებს, ამ მიზანს ემსახურებოდა სიღნაღის, მესტიის, ახალციხისა და სხვა ქალაქების აღდგენა-გალამაზება, ამისთვის გაგვყავდა ახალი ტრასები, ვაშენებდით ახალ აეროპორტებს და სარკინიგზო ხაზებს.

ჩვენი კურსი იყო სახელმწიფო მმართველობის დეცენტრალიზაცია, როგორც სტრუქტურული, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით. დღევანდელი მთავრობა აქილიკებს პარლამენტის ქუთაისში არსებობას, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენი აქტივობა მოუტანა თითქმის ჩამკვდარ ქუთაისს პარლამენტმა, რამდენი ადამიანი დაასაქმა და რამდენ ახალგაზრდას გაუჩინა წარმატების მანამდე არარსებული შანსი. მჯერა, რომ ახალმა საქართველომ ეს კურსი უნდა გააგრძელოს. ჩვენი ქვეყანა გეოგრაფიულად პატარაა, მაგრამ ფიზიკური სიმცირე არ ნიშნავს აუცილებლად სისუსტეს. პირიქით, ჩვენი გეოგრაფიული სიმცირე ჩვენ უპირატესობად უნდა ვაქციოთ, და ისე მოვაწყოთ ქვეყანა, რომ იგი ერთდროულად ვითარდებოდეს ცენტრშიც და პერიფერიაშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია.

მეხუთე – შეუწყნარებლობისგან თავისუფალი, ეროვნულ, ტოლერანტულ ტრადიციებზე დაფუძნებული საზოგადოება.

ნანატრი საქართველო მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეების ხელით აშენდება – რომლებსაც არავინ შეუზღუდავს აზრის, იდეის, შემოქმედებითი აღმაფრენის თავისუფლებას, უფლებას უყვარდეს, გააჩნდეს მისთვის სასურველი იდეალები. შეუძლებელია, წარმატებას მიაღწიოს საზოგადოებამ, თუ იგი დადაღულია შეუწყნარებლობის იარებით. მეტიც, განწირულია საზოგადოება, რომელშიც უმცირესობა ძალადობის მსხვერპლია, რომელშიც ღირსების აღსადგენად ურტყამენ ქალს, უფლის სახელით დევნიან ადამიანებს განსხვავებული რწმენისა ან ორიენტაციისთვის, ურტყამენ პოლიტიკურ ან სამოქალაქო აქტივისტებს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებისთვის, რომელშიც სკოლის უკან ურტყამენ ბავშვს, იმიტომ, რომ უბნის ყოჩებს ფული არ მიუტანა. მე არ მესმის როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოება, თუ იგი არ გათავისუფლდა ამგვარი ძალადობისგან. ჩემი პრეზიდენტობის დროს, მეტ-ნაკლებად გავათავისუფლეთ ქვეყანა ექსტრემისტებისა და მოძალადეებისგან, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ საზოგადოება ხშირად არ ამართლებდა იმ ფორმებს, რომლითაც ჩვენ ამას მივაღწიეთ. დღევანდელმა ხელისუფლებამ ასეთი ექსტრემისტები და მოძალადეები „პოლიტპატიმრის“პატივით გაათავისუფლა. შედეგმაც არ დააყოვნა და კარგად ვხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში, რა მიზნებს ემსახურებიან ეს ადამიანები…

მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, ჩვენი მეთოდების არგამართლება არ ნიშნავს რომ ან ჩვენი მიზანი იყო არასწორი, ან რომ ამ მიზნის მიღწევის უკეთესი გზები არ უნდა ვეძიოთ ერთად, მთელმა საზოგადოებამ. საჭიროა მოვიფიქროთ ახალი მოდელი, რომელიც ერთის მხრივ გამორიცხავს შეუწყნარებლობასა და ძალადობას, ხოლო მეორეს მხრივ ამას გააკეთებს ისე, რომ საზოგადოებამ არ დაკარგოს პროცესისადმი ნდობა. საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ სნეულებათა განკურნების საქმეში, სახელმწიფოსთან ერთად. საჭიროა, გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ასევე გულისხმობს განათლების სისტემის კონცეფტუალურ განახლებასაც, რათა მომავლის საზოგადოებაში საღი, ნათელი აზრი გამარჯვებული იყოს ყოველთვის, როდესაც მას დაუპირისპირდება ძალადობა, შეუწყნარებლობა და სიბნელე.

მეექვსე – ევროპული საქართველო

ევროპა და დასავლური კურსი არის ის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს თავისუფალ, მთლიან და დაცულ საქართველომდე. ჩვენი რთული საერთაშორისო მდგომარეობა არ შეიცავს ნაცრისფერ ზონებს. საბედნიეროდ, ყველაფერი ცხადად არის გაყოფილი შავად და თეთრად. ჩვენ გვყავს აშკარა მტერი რუსეთის სახით და აშკარა მოყვარე დასავლეთის სახით. ჩვენ წინ არის მხოლოდ ორი არჩევანი: ან გზა რუსეთთან ურთიერთობის ე.წ. დალაგებისა ან გზა ინტენსიური ევროპეიზაციისა.

არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ პირველი გზა – რუსეთთან ურთიერთობის ე.წ. დალაგების გზა – მთავრდება საქართველოს სუვერენიტეტის და ღირსების სრული გათელვით, ხოლო მეორე – ანუ საქართველოს უკომპრომისო ევროპეიზაციის გზა – მთავრდება თავისუფალი, თანამედროვე, მდიდარი საქართველოს აშენებით.

ამაზე ცხადი შეუძლებელია იყოს საგარეოპოლიტიკური არჩევანი. მაგრამ ეს სიცხადე გულისხმობს ან ერთი გზის არჩევას ან მეორის. შუალედური გზა არ არსებობს. ცრუობს ყველა, ვინც გვიმკიცებს, რომ არსებობს მესამე, კომპრომისული გზაც. სანამ რუსეთს პუტინი და ფ-ეს-ბე მართავს, სანამ იგი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავაბაროთ მას საქართველოზე ზემოქმედების ბერკეტები. ჩვენ არ გვაქვს უფლება მივცეთ მას აგენტურული ქსელის გაშლის საშუალება, არ გვაქვს უფლება შემოვუშვათ მისი პოლიტიკური, კულტურული თუ იდეოლოგიური გავლენა ჩვენს ქვეყანაში. არ გეგონოთ, რომ კულტურულ გავლენაში რესტორნებში რუსული სიმღერებს ვგულისხმობ. ყველაფერი გაცილებუთ უფრო კომპლექსურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. რუსული კულტურულ გავლენაში, მე პირველ რიგში ვგულისხმობ რუსულ პოლიტიკურ კულტურას, სახელმწიფოს მართვის კულტურას. ჩემის აზრით, ჩვენ სწორედ ამ კულტურის წინააღმდეგ გამოვედით ქუჩებში ვარდების რევოლუციის დროს. შეიძლება ვცდები, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრ რამეში ვხედავ ამ კულტურის დაბრუნებას საქართველოში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული მმართველობის რუსული მოდელი. არ შეიძლება თავი მოვიტყუოთ და დავიჯეროთ რუსეთის კეთილი განზრახვები. ჩვენი გზა გადარჩენისკენ არის ინტენსიური, დაჩქარებული ევროპული ინტეგრაცია. მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკური არამედ ეკონომიკური. რუსეთის ეკონომიკურ ორბიტაზე დაბრუნების ნაცვლად, ჩვენ მაქსიმალური ტემპებით უნდა გადავაწყოთ ეკონომიკა ევროპაზე, ქართული ეკონომიკის ინტენსიური მოდერნიზაციის გზით.

ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფიული განზომილება ან პოლიტიკური-ეკონომიკური კავშირი. უპირველეს ყოვლისა, ევროპა არის იდეა – თავისუფლების, გახსნილობის, მშვიდობის, ადამიანის უფლებათა დაცვის და განსხვავებული აზრის პატივისცემის იდეა. ამ იდეის შემეცნება იქნება მთავარი განმაპირობებელი იმისა, თუ რამდენად წარმატებით ან წარუმატებლად შევძლებთ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ევროპის გზაზე სვლას. ჩვენ ვერ დავბრუნდებით ევროპაში, სანამ თითოეული ქართველი არ იგრძნობს თავს ევროპელად. ევროპეიზაცია უნდა იყოს არა ერთი პარტიის ან ხელისუფლების მიერ თავს მოხვეული ახირება, არამედ მთელი საზოგადოების გულწრფელი მისწრაფება, რომელიც თავის თავში გულისხმობს როგორც თავისუფლებას და კეთილდღეობას, ასევე ჩვენი თვითმყოფადობისა და ტრადიციების შენარჩეუნებას.

მეშვიდე – დაბალანსებული ხელისუფლება

შეგვიძლია ვიფიქროთ კონსტიტუციურ მოდელზეც, თუმცა მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, ძლიერი პარლამენტით, რომელიც ჩვენი შემუშავებულია, არის ყველაზე სწორი მოდელი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. მე მართლა მიმაჩნია, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი უნდა იყოს პარტიულად მიუკერძოებელი არბიტრი, რომელიც გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ნებას და უზრუნველყობს კონსტიტუციურ ბალანსს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ პრეზიდეტს იმ უფლებებით, რომელიც მას ახალმა კონსტიტუციამ განუსაზღვრა და არავითარ შემთხვევაში იმ დამამცირებელი შეზღუდვებით, რითაც ეხლა მთავრობა აბუჩად იგდებს ხალხის არჩევანით ლეგიტიმიზირებულ უმაღლეს პოლიტიკურ ინსტიტუტს. თუმცა უკვე გადაშლილი ისტორიული ფურცლების გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ აუცილებლად უნდა შევიმუშავოთ სახელმწიფოს მართვაზე საზოგადოებრივი კონტროლის ისეთი მოდელი, რომელიც უზრუნველყობს სახელისუფლო შტოებსა შორის მაქსიმალური ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების უწყვეტ მუშაობას. ახალ საქართველოში, უკონტროლო და დაუბალანსებელი აღარ უნდა იყოს არცერთი სახელისუფლო ორგანო, არცერთი პოლიტიკური ფიგურა თუ უწყების ხელმძღვანელი.

ეს ის თემებია, რაზეც თქვენგან ველი რჩევებს, მოსაზრებებსა და იდეებს. ნუ მივეცემით სასოწარკვეთას. თუ ყველა გასაჭირს ისე შევხედავთ, როგორც გაკვეთილს, როგორც ახალ შესაძლებლობას, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენს სამშობლოს არ სჭირს უკურნებელი სენი. ჩვენი სახელმწიფო სხეული აუცილებლად გაჯანსაღდება. ის რაც ახლა გვჭირს, ძველი ავადმყოფობისგან შემორჩენილი ვირუსია, რომლისგანაც აუცილებლად განვიკურნებით და მომავალში უფრო ძლიერი იმუნიტეტი გვექნება. ერთი წამით ნუ შეგეპარებათ ეჭვი იმაში, რომ საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის.

თუმცა დღევანდელ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ. მიუხედავად მსოფლიო ლიდერების არაერთი თხოვნისა და გაფრთხილებისა, რომ ნაცვლად პოლიტიკური რეპრესიებისა, ხელისუფლებას აერჩია განვითარების და მომავლის კურსი, ივანიშვილის მთელი პროგრამა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – ოპონენტებისა და განსხვავებული პოლიტიკური აზრის წაშლას. მან გადაწყვიტა გააკეთოს ის რაც საქართველოში აქამდე არავის უცდია – მთლიანად გაანადგუროს ოპოზიაცია და საქართველოში დაამყაროს რუსული პროვინციული დიქტატურის მოდელი, სადაც კულისებს, კონსტიტუციასა და პასუხისმგებლობის მიღმა, არნახულ ფუფუნებაში ცხოვრობს ოლიგარქი და პირადად აკონტროლებს ყველასა და ყველაფერს მთელს ქვეყანაში – მათ შორის იმას თუ რა აზრი უნდა არსებებდეს მის შესახებ ხალხში, რა აზრები უნდა ებადებოდეთ ჟურნალისტებსა თუ ექსპერტებს.

აშკარაა, რომ ივანიშვილის მიერ აღებული კურსი შეუქცევადია და იგი მხოლდ უფრო და უფრო მეტი რეპრესიებისკენ წავა. ხელისუფლებამ უკვე მთელი ოპოზიციის წინააღმდეგ აღძრა საქმე სახელმწიფო გადატრიელების ბრალდებით. მაგრამ “კუდიანების” წრე სულ უფრო გაფართოვდება. შემდეგი სამიზნე აუცილებლად გახდებიან ჟურნალისტები და თავისუფალი მედია. ძალიან მალე ჭორვილური პოლიტიკური გემოვნებით განისაზღვრება ის თუ ვინ უნდა იყოს მორიგი ქვეყნის მტერი. ჩვენ უკვე გვესმის და მომავალში სულ უფრო და უფრო მეტად მოვისმენთ ხელისუფლებისგან რუსულ-ბოლშევიკურ და იანუკოვიჩურ რიტორიკას, და ვიხილავთ ბოლშევიკური რეპრესიების გატარების მცდელობებს..

მაგრამ რა არის ამის შედეგი?

შედეგი არის გაჩერებული და დასუსტებული საქართველო. შედეგი არის შეშინებული ხელისუფლება, რომელსაც უკვე ყველა მხრიდან შეთქმულება ელანდება… და გარდაუვალი შედეგი იქნება ჭორვილელი დიქტატორის დამხობა.

ხელისუფლების შიშები სულ უფრო აგინიურ ფორმას შეიძენს და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ ჩვენ არც ადრე გვაშინებდა და არც მომავალში შეგვაშინებს ქარტეხილები. ოლიგარქის აპოლოგეტები უკვე ისე საუბრობენ ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების “მზაკვრულ განზრახვაზე”, რომ თითქოს ამაში რაიმე იყოს არაბუნებრივი ან ანტიკონსტიტუციური.

დიახ, “ნაციონალური მოძრაობა” არც რეპრესიებს უშინდება, არც პასუხისმგებლობისგან იხევს უკან და არც თავის პროდასავლურ იდეალებს ღალატობს. “ნაციონალური მოძრაობა” არის ის ძალა, რომელმაც ერთხელ უკვე ამოიყვანა ქვეყანა ბნელი ჭაობიდან და მჯერა, რომ იგი მომავალშიც შეძლებს გადაარჩინოს საქართველო, როდესაც საქართველოს მოქალაქეები მისცემენ მას ამ დავალებას და ანდობენ ქვეყნის ხელახალ ამუშავებას. დიახ, “ნაციონალური მოძრაობა” იბრძოლებს ამ ნდობის განსამტკიცებლად იქ სადაც იგი მთელია და აღსადგენად – იქ სადაც იგი გატეხილია.

მაგრამ მომავალი, ახალი, უფრო გამართული საქართველოს აშენება არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალისა თუ ერთი ლიდერის გასაკეთებელი საქმე. მომავალი საქართველოს ჩემი ხედვა, წარსულისაგან განსხვავებით და მიღებული გამოცდილებით, ეფუძნება მხოლოდ საერთო სამოქალაქო კონსენსუსის პრინციპს, სადაც შენებაში ჩართულია მთელი საზოგადოება, თავისი მრავალფეროვნებებით და მაქსიმალური წარმომადგენლობით, თავისი პოლიტიკური განსხვავებებით, მაგრამ ერთიანი იდეით – ავაშენოთ თანამედროვე, ევროპული საქართველო, მაღალი პოლიტიკური კულტურითა და სტაბილური დემოკრატიული ტრადიციით.

ჩვენი მომავალი გამარჯვება არ იქნება მხოლოდ ერთი პარტიის გამარჯვება – ეს იქნება ქართული სახელმწიფოს იდეის გამარჯვება. გამარჯვება იმ მთავარი აზრისა, თუ რატომ გვინდა როგორც ერს, რომ გაგვაჩნდეს სახელმწიფოებრიობა. ეს იქნება სამოქალაქო საზოგადოების დაბრუნება, ეს იქნება წარსულის წარმატებებზე და წარუმატებლობებზე მიღებული დიდი გამოცდილების გაკვეთილების გააზრება. ეს იქნება საზოგადოების მთელი ჯანსაღი ნაწილის გამარჯვება. ნაწილისა, რომელსაც ესმის როგორ მუშაობს თანამედროვე სამყარო, კარგად ხედავს თუ სად არის მასში საქართველოს ადგილი და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ღირსება..

მე მჯერა, რომ ეს იქნება საქართველოს დაბრუნება სინათლისა და ოპტიმიზმის გზაზე – ეს იქნება ახალი დღე საქართველოში”. – ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები