ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
ქალაქ ახალციხეში, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა, მეორე მსოფლიო ომის განახლებული ობელისკი ყვავილებით შეამკეს და ომში გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პიარსამსახურის ინფორმაციით, შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ფარცახაშვილმა.
,,ღონისძიებაზე ხალხური რეპერტუარით წარდგა ახალციხის ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი”.
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთადერთი ვეტერანი სააკ მიქაელიანი, რომელსაც მხარის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა დღევანდელი დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს.
103 წლის უხუცეს ვეტერანს პრემიერის მისალოც ბარათთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიისგან და ვეტერანების საქმეთა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურისგან საჩუქრები გადაეცა. გარდა ამისა, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მას ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაეწევა – მთავრობისგან 2000 ლარის, ხოლო მუნიციპალიტეტისგან – 700 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.