შალვა პაპუაშვილი: ესტონეთის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ მათი დასალაგებელი ამ ქვეყანაში არაფერია და ქართველი ხალხი წყვეტს საკუთარი ბედს
„მთელი ტრაგიზმი ისაა, რომ ოქტომბრის არჩევნების წინ ოპოზიცია და მათი ამომრჩევლების ნაწილიც, უცხოელებმა დაარწმუნეს, რომ ისინი ჩაერთვებიან არჩევნებში, იქნებიან ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიის მონაწილენი და მისცეს მათ პირობა, რომ გაამარჯვებინებენ და დააბრუნებენ ხელისუფლებაში ნაციონალურ მოძრაობას,“ -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები მართლაც, პირდაპირ ჩაერთვნენ საარჩევნო პროცესში, თუმცა ქართველმა ხალხმა ისინი დაამარცხა.
„ამის გამო ზოგიერთმა ელჩმა დაივიწყა (ვენის კონვენციას რომ არაფრად თვლიან, ეს უკვე ვნახეთ) პროფესიული ეთიკა და ჩაერთო პირდაპირ არჩევნებში. ასეთი დიპლომატები და ელჩები ხან ბანერს გვიკომენტარებდნენ, ხან საარჩევნო კამპანიის თემებზე თავის აზრს გამოთქვამდნენ და პირდაპირ უხეშად ერეოდნენ შიდა საქმეებში და ოპოზიცია მაინც დამარცხდა. შესაბამისად ეს ყალბი იმედები რომ შეუქმნა უცხოელების ამ ჯგუფმა, ახლა ვდგავართ პირდაპირ ამ მოცემულობის წინაშე – თავად ზოგიერთი ელჩი დამარცხდა ამ არჩევნებში, ზოგიერთ უცხოელი პოლიტიკოსი დამარცხდა, ზოგიერთ უცხოელი საგარეო საქმეთა მინისტრი დამარცხდა ამ არჩევნებში. ახლა გვაქვს ვენდეტა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილე იყო არჩევნების ქართული ოცნების წინააღმდეგ და ქართველმა ხალხმა ის დაამარცხა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიტვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ მათი დასალაგებელი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის და ქართველი ხალხი წყვეტს საკუთარი ბედს. ახლა ეს ხალხი გაბრაზებულია და არის ვენდეტა ქართველ ხალხზე.
პირდაპირ მოვისმინეთ რასა იუკნევიჩიანესგან რომ ქართველი ხალხია დამნაშავე, მოვისმინეთ პირდაპირ მისგან ბოლო განცხადება, რომელიც უკვე ძალიან ფაშისტურ ტონებს შეიცავს და მოვუწოდებ, რომ გაჩერდეს იმ ადგილზე სადაც არის, ვინაიდან შემდეგი ნაბიჯი უკვე ღიად ფაშისტური განცხადებები იქნება როგორც ვატყობ, ისეთი ტემპით მიდის მისი განცხადებები. „ფორმულას“ ჟურნალისტმა ეს კითხვა დასვა – კი მაგრამ, უცხოელები რომ გეუბნებიან, ხომ უნდა დაუჯერეთო? – ანუ არიან პარტიები, ენჯეოები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო უნდა იმართოს ზოგიერთი დიპლომატის, უცხოელი პოლიტიკოსის მითითებების შესაბამისად. გეტყვიან – ეს კანონი მიიღე – უნდა მიიღო, დადგე ცალ ფეხზე. გეტყვიან: ეს კანონი არ მიიღო, რომელიც ქართველ ხალხს უნდა, მაგალითად ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, – უნდა დადგე ცალ ფეხზე და არ მიიღო. ანუ ოპოზიცია, რომელიც ცალ ფეხზე დგას და ამბობს, რომ ასე გააგრძელებს, ამის საპირწონედ სთავაზობს თავის ამომრჩეველს, რომ ჩამოვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეაქებს. მთელი ბენეფიტი რასაც ის სთავაზობს თავის ამომრჩეველს, არის ის, რომ მოდი ყველა დავდგეთ ცალ ფეხზე, რომ ესტონეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან რომელიმე ჩინოვნიკმა ბრიუსელიდან შეგვაქოს. რა თქმა უნდა ამ არჩევანში ქართველ ხალხი ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს ქართული ოცნების სასარგებლოდ“, – აცხადებს პაპუაშვილი.