“მზად ვართ, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც 30 წელია, ვაჩვენებდით ამერიკელ ხალხს; დრო დადგა, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ეს სათანადოდ დააფასოს” – პაპუაშვილი

“მზად ვართ, გვქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რასაც 30 წელია, ვაჩვენებდით ამერიკელ ხალხს, დრო დადგა, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ეს სათანადოდ დააფასოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები დააზიანა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომელმაც აშშ-სა და ამერიკელი ხალხის ერთ-ერთ ყველაზე სანდო ქვეყანასთან, საქართველოსთან გაიფუჭა ურთიერთობა. აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაცია ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას და ჩართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში, აფინანსებდა მოძალადე ჯგუფებს, პროპაგანდას, დეზინფორმაციას. საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმას უფინანსებდა პირდაპირ იმ ჯგუფებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას. იმ ჯგუფებს, რომლებიც ყალბ იდეოლოგიას ავრცელებდნენ საქართველოში. ნახეთ, შეიცვალა ადმინისტრაცია, სადმე ნახეთ რომელიმე „ენჯეო“. ისინი ხომ ამბობენ, რომ ხალხის ინტერესებით არიან და ქართული „ენჯეოები“ არიან, სად არიან ის „ენჯეოები“, რომლებიც აქამდე ლგბტ პროპაგანდით იყვნენ დაკავებული? რატომ არ იღებენ ხმას? ამით ეწინააღმდეგებიან თავიანთი დამფინანსებლის ინტერესებს და ამიტომაც გაჩუმდნენ საბოლოო ჯამში.

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, მათ შორის ხალხთან, რომელიც ყველაზე ძლიერად დაუდგა ბრძოლაში ამერიკელებს. ავღანეთში ჩვენ ვიყავით აბსოლუტური რიცხოვნობით მეოთხე ქვეყანა და ვიბრძოდით წინა ხაზზე. ახლა რომ ზოგიერთი ბალტიელი ქვეყანა ჭკუას გვასწავლის და თითქოს ომისკენ რომ იწევენ, 50 კაცით რომ იყვნენ წარმოდგენილი შტაბებში, ქართული ჯარი იყო 1 000 და 1 500-კაციანი კონტინგენტით ავღანეთში. აი ასეთ ხალხს, ბაიდენის ადმინისტრაციამ შეუჩერა სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი, რომელიც თავის მხრივ ცარიელი ქაღალდი იყო, რადგან არაფერი სრულდებოდა, რაც შიგნით ჩადებული იყო, ქაღალდად იყო ქცეული წინა ადმინისტრაციის ხელში. ჩვენ ახალ ადმინისტრაციასთან ზუსტად ამ საკითხებზე გვაქვს კომუნიკაცია და მათ იციან ჩვენი მოლოდინები, რომ საჭიროა, გამოსწორდეს ის, რაც წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რომ გვქონდეს ჭეშმარიტი, სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები. ის, რასაც ჩვენ 30 წელი ვაჩვენებდით ამერიკელ ხალხს, დადგა დრო, რომ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამაც სათანადოდ შეაფასოს და დააფასოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები