KIU “ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM)” სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებულ პირებს საინფორმაციო შეხვედრაზე იწვევს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), “ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის (FIM)”, ინტერდისციპლინურ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღებას აგრძელებს. KIU 30 მაისს, 15:00 საათზე დაინტერესებულ პირებს იწვევს ვებინარზე, რომელსაც გაუძღვებიან FIM სამაგისტრო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი, პროფესორი რუდი ზაგსტი, ასევე ტორონტოს, მიუნხენის ტექნიკური და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტების პროფესორი ლუის სეკო.

შეხვედრის თემატიკა:

1. ინვესტირება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში – სესიას გაუძღვება პროფესორი ლუის სეკო;

2. სწავლა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში – სესიას გაუძღვება FIM სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი რუდი ზაგსტი.

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 29 მაისს 17:00 საათამდე, შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/byk53C4813

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამის შესახებ, დასვან კითხვები და გაიცნონ პროგრამის ხელმძღვანელები და პროფესორები.

აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო პროგრამას უკვე ჰყავს პირველი მაგისტრანტები, რომლებიც პირველ კურსზე არიან. ჩარიცხული სტუდენტების 100%-ს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სრულად უფინანსებს სწავლის და საერთო საცხოვრებლის გადასახადებს. ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა – „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ (FIM) KIU-ში, ევროპის ლიდერ, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით, ხორციელდება და მასში TUM-ის, ტორონტოსა და სხვა უნივერსიტეტების წამყვანი პროფესორები არიან ჩართულნი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში FIM-ის ხელმძღვანელია პროფესორი რუდი ზაგსტი, რომელიც ამავდროულად მათემატიკური ფინანსების კათედრას ხელმძღვანელობს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) და FIM პროგრამის თანადამფუძნებელია.

FIM სამაგისტრო პროგრამა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) 2004 წელს შეიქმნა. 2008, 2011, 2014, 2017 და 2020 წლებში იგი გერმანიის სამაგისტრო პროგრამების სარეიტინგო სისტემისა და CHE Master-Ranking-ის ეროვნული რეიტინგის სათავეში მოექცა. აღნიშნული პროგრამის კარიერული შესაძლებლობები ვრცელდება ყველა სექტორზე, სადაც საჭიროა ფინანსური მართვის მოდელებისა და ტექნოლოგიების ცოდნა. პროგრამა მომავალ პროფესიონალებს უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და საერთაშორისო სარბიელზე აღიარების მოსაპოვებლად.

სურვილის შემთხვევაში, დამატებით, მაგისტრანტებს შესაძლებლობა ექნებათ, პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსი ტორონტოსა და მიუნხენში გაიარონ.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ ბმულზე:

https://www.kiu.edu.ge/?m=370

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები