„საქპატენტის” თავმჯდომარე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ, საქართველოში ნიდერლანდის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილეს მორის პაულუსენს უმასპინძლა.

შეხვედრისას სოსო გიორგაძემ მორის პაულუსენს გააცნო საქპატენტის საქმიანობა და უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმები.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების სამეფოში, კერძოდ, ქალაქ ჰილვერსუმში მდებარეობს მუსიკალური ინდუსტრიის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციის Universal Music Group-ის კორპორაციული შტაბ-ბინა. აღნიშნული ხმის ჩამწერი კომპანია წლების მანძილზე თანამშრომლობს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანასთან, მათ შორის, საქართველოსთან.

შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საქპატენტი მიესალმება მსგავსი ძლიერი კომპანიის საქართველოში საქმიანობას. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს გარკვეულ გამოწვევებზე, რაც Universal Music Group-სა და საქართველოში 2024 წლამდე მოქმედ ქონებრივი უფლებების მმართველი ორგანიზაციის (GCA) ურთიერთობისას წარმოიშვა. სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ საქპატენტი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების კანონიერი ინტერესების სათანადოდ დაცვას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია Universal Music Group-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი. შეხვედრები გაიმართება როგორც საქპატენტის, ასევე ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის (IPOA) წარმომადგენლებთან.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის სფეროში განხორციელებული მასშტაბური რეფორმის შემდეგ, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში აკრედიტაციის კომისიამ გამარჯვებული გამოავლინა, რის შედეგადაც 2023 წლის 29 დეკემბერს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში აკრედიტაცია მიენიჭა „ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას“ (IPOA).

„საქპატენტის” თავმჯდომარესა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილეს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში მაია თოდრია, საქპატენტის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ციმაკურიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჯინჭარაძე.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები