“ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი მარკეტინგული აქტივობა, რათა ქვეყნის სტაბილურობა ვაჩვენოთ”- ქეთი კვიჭიძე ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ საუბრობს
„გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე, ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ საუბრობს. როგორც კვიჭიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, სტაბილურობა გარანტიაა იმისა, რომ ტურიზმი განვითარდეს.
“არსებულმა მდგომარეობამ სექტორზე ნამდვილად ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია. ასე ვთქვათ, ფაქტობრივად, წესი შეიცვალა. თუ ადრე ჯავშნების შესახებ უფრო ადრეულად ვიცოდით, ახლა აკვირდებიან, თუ როგორი სიტუაცია და სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და ჯავშნებს ამის მიხედვით აკეთებენ. ჩვენი დაკვირვებით , განსაკუთრებით ევროპული ქვეყნებიდან, დაკვირვების ფაზაში ვართ, რამდენად გვექნება სტაბილურობა.
თბილისს მსოფლიოში აღიარებული კონდიტერ შეფი ანტონიო ბაშური ეწვია. რაც შეეხება, ასეთ აქტივობებს: ის, რომ ასეთი ცნობილი ადამიანი გვეწვია ამ სექტორში, ფაქტობრივად ინფლუენსერი, უკვე აჩვენებს, რომ ქვეყანა მთლად ასე არ ინგრევა, მშვიდობა არის და შესაძლებელია, რომ ამ ქვეყანას ვესტუმროთ. ეს გასტრონომიული კუთხითაც საინტერესოა. ამიტომ, რაც შეიძლება, ბევრი მარკეტინგული აქტივობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ქვეყნის სტაბილურობა ვაჩვენოთ. სხვადასხვა ღონისძიებას ივნისშიც ვგეგმავთ, დაგეგმილის, ანონსსაც გავაკეთებთ. მოკლედ, ნელ-ნელა რაღაცნაირად არსებულ სიტუაციას უნდა მოვერგოთ. ზოგადად, ჯავშნები ქვეყანაში ნამდვილად არის, ვერ ვიტყვი, რომ გაჩერდა. გარკვეული სეგმენტისთვის წლევანდელი წელი უკეთესიც იყო, მაგრამ შევხედოთ. სტაბილურობა გარანტიაა იმისა, რომ ტურიზმი განვითარდეს. სხვაგვარად ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ტურიზმი თავიდან ბოლომდე სტაბილურობაზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება, სიმშვიდე იყოს. პოლიტიკურმა კრიზისმა, რა თქმა უნდა, იმოქმედა, წინა ზამთარი უკეთესი უნდა გვქონოდა. მოლოდინი და იმედი გვაქვს , რომ ყველაფერი კარგად უნდა იყოს”- განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.