ირაკლი ზარქუა – ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი ხაზგასმაა, რომ საქართველო არის მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში

„ეუთო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთი ხაზგასმაა, რომ საქართველო არის მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში, ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. გენერალურმა მდივანმა ამას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი,“ – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთო-ს გენერალური მდივანი იზიარებს ზუსტად იმ მიდგომას, რომ სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს.

„ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვდა პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, საუბარი იყო გამოწვევებსა და მიღწევებზე. ეუთო-ს გენერალური მდივანი იზიარებს ზუსტად იმ მიდგომას, რომ სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს. მან თქვა, რომ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონში მშვიდობის საწინდარია. ჩვენი ნამდვილი მეგობრები მოვლენებს ზუსტად და სწორად აფასებენ. ჩვენი მხრიდან ითქვა, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. რაც შეეხება რადიკალებს, ნახეთ, რა დღეში არიან და რა დღეში ჩავარდნენ. ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი ლეგიტიმაციაა. ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და კმაყოფილი ვართ. ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა, რომ საქართველო არის მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში, ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. ამას ჩვენმა სტუმარმა ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. რაც შეეხება უსამშობლოებს და რადიკალებს, იცით, მათი ამოცანა რაც იყო – ქაოსი, არეულობა, დაძაბულობის შემოტანა და შემდეგ ამაზე ხელის მოთბობა, რაც არ გამოუვათ. ყოველთვის ასე იქნებიან, ჩუმად, წყნარად, სოროებში – იქ იჩურჩულონ და იბუტბუტონ. საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს, ეს არის მშვიდობა და სტაბილურობა. რაც მთავარია, სახელმწიფო ინტერესების დაცვა ხდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები