თეა ახვლედიანმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით.

თეა ახვლედიანმა გენერალურ მდივანს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.

„ეუთოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, იმის გათვალისწინებითაც, რომ ის ერთ-ერთი თანათავმჯდომარეა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და მონაწილეობს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში. ამ კონტექსტში, გენერალურ მდივანთან დეტალურად განვიხილეთ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა; ამასთან, ვისაუბრეთ შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ისევე როგორც სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო, დაგეგმილ ნაბიჯებზე, რაც მიმართულია საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი ჩვენი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. გენერალურ მდივანთან ასევე ვიმსჯელეთ, ჩვენი შესაძლო ერთობლივი ძალისხმევის შემდგომი გაძლიერების კონკრეტულ გზებზე, რათა მეტ ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ მშვიდობის მშენებლობისა და ჩვენი მოსახლეობისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფის საქმეში,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები