არჩილ გორდულაძე: ქვეყანაში თანხები ისე ბრუნავს, რომ არავინ იცის რეალურად სად მიემართება

„ჩვენს ქვეყანაში თანხები ისე ბრუნავს, რომ არავინ არ იცის რეალურად სად მიემართება,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საფრანგეთის საელჩოს მიერ ბოლო პერიოდში გაცემული გრანტების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თანხებით ძალადობრივი აქციები ფინანსდება.

„თუ კეთილი მიზნებისთვის უნდა მოხმარებულიყო ეს გრანტი, მაშინ რატომ არ დაელოდა საფრანგეთის საელჩო სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს გრანტების რეგულირების თვალსაზრისით? ეს აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მათი მიზანი იყო გვერდი აეარათ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ნებისათვის და შემდეგ ვნახეთ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლებს ჩაერიცხათ ეს გრანტები. ჩვენს ქვეყანაში თანხები ისე ბრუნავს, რომ არავინ არ იცის რეალურად სად მიემართება, მაგრამ ამ თანხების ნამოქმედარს უკვე ვხედავთ ხოლმე მაგალითად ქუჩებში, როდესაც ძალადობრივი აქციები იმართება, როდესაც სიძულვილის კამპანიები ფინანსდება“, – განაცხადა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რომ გრანტების გაცემის წესის შესახებ კანონის მიღებამდე გაიცა ორი გრანტი, რაზეც საფრანგეთის საელჩო 7 დღეა დუმს – დაფინანსებულია „ნაცმოძრაობის“ ყოფილი წევრებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაცია. რა ნიშნით შეირჩა აღნიშნული ენჯეო უცნობია, ასევე, უცნობია შესარჩევი კონკურსის ვადები და კონკრეტული დეტალები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები