შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩი მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს რომ უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, შემდეგ შეშფოთება არის ფარსი
ევროკავშირის ელჩი, მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს, რომ დაფინანსებას პოლიტიკური სარჩული აქვს, ამის შემდეგ ძალად გაკვირვებულ სახეებს, აღშფოთებას და შეშფოთებას რომ ვხედავთ ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, ყველაფერი არის ფარსი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როდესაც ვიკითხე, მათ შორის ევროკავშირის მოქმედ ელჩს [პაველ ჰერჩინსკის], რომ მაქვს დიდი ეჭვი, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ პროცესებს და რადიკალურ ჯგუფებს მეთქი, რამდენიმე ხნის შემდეგ მან მითხრა, რომ მოიძია, ჩახედა რა პროექტებია, რა ფინანსდება და დამეთანხმა, რომ ნამდვილად აქ ჩანს პოლიტიკური სარჩული. ვუთხარი, იქნებ მაჩვენოთ რა პროექტებია მეთქი, მითხრა – არ შემიძლიაო.
ამას რომ აკეთებს ევროკავშირის ელჩი, მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს, რომ დაფინანსებას პოლიტიკური სარჩული აქვს, ამის შემდეგ ძალად გაკვირვებულ სახეებს, აღშფოთებას და შეშფოთებას რომ ვხედავთ ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, ყველაფერი არის ფარსი. ყველანაირი დახმარება უნდა ხმარდებოდეს ხალხს. ხალხის ინტერესს წარმოადგენს ხელისუფლება. კეთილი ინებოს ყველამ და სახელმწიფოსთან შეათანხმოს ეს ყველაფერი. მითუმეტეს, რომ ზოგიერთი დონორისთვის ეს ჩვეულებრივი, სტანდარტული პოლიტიკაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.