ბექა დავითულიანი: არ არიან ბოლომდე გულწრფელები ზოგიერთი გამომცემლები – სადაც დიდი ფულია, იქ პრობლემა არ არის და სადაც მცირე თანხაა იქ პროტესტი აქვთ
ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, სახელმწიფო ბიუჯეტის ფული იმართება კულტურის მიმართულებით, კულტურის სამინისტროს მხრიდან და ვამბობთ, რომ კარი ღიაა, ჩვენ ვაკეთებთ, რაღაც კონკრეტულ საქმეს, მათ შორის ისეთ კარგ საქმეებს, როგორიც პარიზში და ლონდონში გაკეთდა და ყველას შეუძლია მობრძანდეს, ვინც ამ კონცეფციით და ამ ფორმატით თანამშრომლობის მომხრეა. ვინც თანამშრომლობს, ჩვენ მზად ვართ მათ ხელი შევუწყოთ სრულად, ვინც არ თანამშრომლობს, მათი უფლებაა. შეუძლიათ არ ითანამშრომლონ, დამოუკიდებლად განაგრძონ, – ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, ბექა დავითულიანი გამომცემელთა ნაწილის გადაწყვეტილებას, რომლებმაც პროტესტი გამოუცხადეს, როგორც პარიზის, ასევე, ლონდონის წიგნის ბაზრობას.
მისი თქმით, ზოგიერთი გამომცემელი კონკრეტულ უწყებას მისი ბიუჯეტის შესაბამისად ეთანამშრომლება.
„სცოდავენ და არ არიან ბოლომდე გულწრფელები ზოგიერთი გამომცემლები. მაგალითად, მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებენ და არ ეთანამშრომლებიან, რომელსაც რამდენიმე ასეული ათასიანი ბიუჯეტი აქვს. სამაგიეროდ, განათლების სამინისტროსთან, რომელსაც რამდენიმე მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, იმათთან პროტესტში არ არიან, ისინი არ არიან ეგრეთ წოდებული რუსული მთავრობის ნაწილი. სადაც დიდი ფულია იქ პრობლემა არ არის და სადაც მცირე თანხაა… კულტურის ბიუჯეტს, რისი აწევა შეუძლია და მწერალთა სახლს იქ პროტესტი აქვთ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მანვე დასძინა, რომ კულტურის სამინისტრო ნებისმიერ დროს მზად არის თანამშრომლობისთვის.