პრემიერი: არ შეიძლება, რაიმეს გააკარო აგენტი, მაგრამ როდესაც გადაწყდა, რომ გახარიას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა, გაისმა ზარი „დიფ სთეითიდან“, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირისგან, რომელმაც თქვა, რომ მათთვის არ იყო მისაღები გახარიას გადადგომა, რითაც საბოლოოდ გახდა ცხადი, რომ ის მოქმედებდა უცხო ძალის დავალებებით, მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანება

გიორგი გახარიას ვიცნობ ძალიან კარგად, ამიტომ არ გამკვირვებია მისი საუბარი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მაგრამ კაცი, ზოგადად, ასეთი გონორით 30-ჯერ ამბობდეს ფრაზას – „არ მახსოვს“, ასეთი გონორით 30-ჯერ იტყუებოდეს და სრულ აბსურდს ლაპარაკობდეს, არ ვიცი, საზოგადოებამ შეაფასა, მგონი, ძალიან კარგად ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში – „ღამის კურიერი“ განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია მოქმედებდა გარე ძალების დაკვეთით და მისი მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანება.

„არ მახსოვს“ – ეს ფრაზაც და ის ტყუილებიც იმის გამო იყო, რომ გახარიას პასუხები არ ჰქონდა. ჯერ ერთს ამბობდა და 30 წამში, ან 1-2 წუთში, სრულიად სხვა რამეს ამბობდა. ანუ, აქ ჩანდა, რომ, რეალურად, მას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამალი. მთავარი, რაც მას აქვს დასამალი, არის ის, რომ მოქმედებდა გარე დაკვეთით. რაც გააკეთა, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენებით, ეს გააკეთა გარე დაკვეთით. მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანება. მას ჰქონდა ეს დავალება არა ერთგზის მიღებული, როდესაც ის იყო შს მინისტრი, შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრი, განსაკუთრებით, შს მინისტრის პოზიციაზე მუშაობისას. თუ გაიხსენებთ, აბსოლუტურად ხელოვნურად ჩნდებოდა მუდმივ რეჟიმში აღქმა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება, განსაკუთრებით ხელისუფლება და ახალგაზრდები იყვნენ ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ეს დალაგდა აბსოლუტურად ხელოვნურად, ეს მოხდა როგორ – გაიხსენეთ პანკისის სპეცოპერაცია, სადაც პოლიცია და მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირეს და ყოველ ჯერზე ხდებოდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიციელი რჩებოდა შეურაცხყოფილი. პანკისის ხეობაში ასე მოხდა ხომ. დაუპირისპირა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და დამცირებული და შეურაცხყოფილი დატოვა პოლიციელები, აბსოლუტურად ხელოვნურად დაალაგა ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები