თბილისში ჩეხეთის ორი მოქალაქე დაიწვა

ჩეხეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც ალკოჰოლის აალების შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო, ამჟამად დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ბ.იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში ღამის საათებში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მიიყვანეს. ქაშიბაძის ინფორმაციით, ჩეხეთის მოქალაქეები დამწვრობის ცენტრში რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიყვანეს.
„ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, რომლებიც ჩეხეთის მოქალაქეები არიან, მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღეს. ალკოჰოლის აალების შედეგად ხელები და გულლ-მკერდი დაეწვათ. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მკურნალობას პალატაში აგრძელებენ“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
შემთხვევა თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარში მოხდა. „კვირა“ საკითხის გასარკვევად, აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე ბარ-რესტორნის ადმინისტრატორს ესაუბრა.
პაბი -„გლაზგოს“ ადმინისტრატორმა ნატა ეკალაძემ „კვირას“ მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. თუმცა, მისი თქმით, შემთხვევა, არა მის სამუშაო ადგილზე, არამედ, რამდენიმე დღის წინ „გლაზგოს“ შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასტუმროში მოხდა. როგორც „კვირას“ სასტუმრო „სახლის“ ადმინისტრატორმა ქეთი ტეტუნაშვილმა განუცხადა, მსგავსი შემთხვევა მათ სასტუმროში არ მომხდარა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები