ოთარ გრიგოლია: „მოვუწოდებ ოპოზიციას, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და კიდევ ერთხელ ანახოს მოსახლეობას, რა მხარდაჭერაც აქვს“
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სვამს კითხვას საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება არჩევნების გადადებას, არცერთ რეზოლუციასა და დოკუმენტში ამაზე საუბარი არ არის. ჩვენ ევროსაბჭოს შესაბამის სამსახურებთან და კოლეგებთან გვქონდა კომუნიკაცია. ავუხსენით, რომ არც ევროსაბჭოს მანდატი ითვალისწინებს, რომ მან გასცეს არჩევნების გადადების რეკომენდაცია და არც საქართველოს კონსტიტუცია იძლევა ამის საშუალებას და საერთოდ აბსურდულია ამაზე საუბარი, რაშიც დაგვეთანხმნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი იყო, რომ ასეთი აბსურდული რაღაც ჩაეწერათ, რაც ვერ განახორციელეს. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ თქვენც მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა და კიდევ ერთხელ ანახოთ საქართველოს მოსახლეობას, რა მხარდაჭერა გაქვთ. მე ეჭვი მაქვს, რომ რაც გქონდათ, იმის მეოთხედიც არ გაქვთ შერჩენილი. სწორად ეს არის მიზეზი, რის გამოც ცდილობთ არჩევნებისთვის თავის არიდებას“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.