გიორგი ტყემალაძე: თვითმმართველობის არჩევნები, კანონმდებლობის შესაბამისად, 4 ოქტომბერს გაიმართება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ოპოზიციის წარმომადგენლის, ზვიად კუპრავას, განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მომავალი თვითმმართველობის არჩევნების გადადებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციაშიც ამაზეა საუბარი. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ევროსაბჭოს რეკომენდაცია ასეთ მოწოდებას არ ითვალისწინებს და არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

„როგორც ჩანს, თქვენ საკუთარი მანდატის გახანგრძლივება გადაწყვიტეთ და ამიტომაც მოითხოვთ არჩევნების გადადებას. რაც შეეხება ევროსაბჭოს რეკომენდაციებს, ის არ გულისხმობს თვითმმართველობის არჩევნების გადადებას, მაგრამ ევროსაბჭოს მხრიდან რომ იყოს კიდეც რეკომენდაცია არჩევნების გადადების შესახებ, ეს წარმოუდგენელია მოხდეს, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, გვყავს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური პრეზიდენტი. თვითმმართველობის არჩევნები, კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადდება 4 ოქტომბერს და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით გაიმართება. დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებს ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი დაესწრება, მათ შორის ევროსაბჭოს თვითმმართველობის კონგრესიდან. ისინი საკუთარ შეფასებებს უკვე არჩევნების შემდეგ გააკეთებენ.

ასე რომ, თქვენთვის, სამწუხაროდ, 4 ოქტომბერი არის ის ბოლო ვადა, როდესაც თქვენ საკრებულოს წევრის უფლებამოსილება შეგიწყდებათ“, – მიმართა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზვიად კუპრავას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები