“სექტემბერში უკვე ყველა პროცესი იქნება დასრულებული, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით” – მდინარაძე
“აბსოლუტურად საფუძვლიანი იყო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ რადგან კომისიის მანდატი გაფართოვდა, შესაბამისად, ვადის გაგრძელებაც იყო ყველაზე ლოგიკური მოთხოვნა. მხოლოდ იმის გამო, რომ ფორსირებულ რეჟიმში არ მოვახდინოთ რაღაც საკითხის გადაწყვეტა, უარს ვერ ვეტყოდით ვადის გაგრძელებაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„დარჩება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. გუშინ, ჩემი განცხადების მერე იმედები გაუჩნდათ ვიღაც-ვიღაცებს, მაგრამ ვადის გადაწევამ, რაც კომისიამ აბსოლუტურად საფუძვლიანად მოითხოვა, გამოიწვია მაქსიმუმ 2-3 თვით გადადება. ეს არის ყველაზე მაქსიმუმი ვადა პროცესების გადაწევის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, ზედმეტი იმედების მოსაშორებლად ვიღაც-ვიღაცებისთვის, ჩვენს მხარეზე რაც არის დამოკიდებული, ოქტომბრის თვემდე, სექტემბერში უკვე ყველა პროცესი იქნება დასრულებული საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით „ნაცების“ პარტიების აკრძალვის შესახებ“, – განაცხადა მდინარაძემ.