ლევან მაჭავარიანი: დონორმა ორგანიზაციამ უნდა აუხსნას მთავრობას კონკრეტული გრანტის მიზნობრიობა
,,სამწუხაროდ, აფინანსებენ ისეთი ტიპის „ენჯეოებს”, რომლებიც შემდეგ ამ დაფინანსებას ხარჯავენ ჩვენი ქვეყნისთვის ძირის გამომთხრელ სამუშაოებში, რევოლუციის მოწყობის მცდელობებში და ასე შემდეგ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა უცხოური გრანტების გაცემის წესის შეცვლასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დონორმა ორგანიზაციამ მთავრობას კონკრეტული გრანტის მიზნობრიობა უნდა აუხსნას.
„აქ იცვლება ერთადერთი რაღაცა, რომ დონორმა ორგანიზაციამ უნდა აუხსნას მთავრობას კონკრეტული გრანტის მიზნობრიობა და თუ ეს კეთილშობილურ მიზნებს ხმარდება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა მთავრობა ძალიან დიდი სიხარულით დაადებს ვიზას ამ ყველაფერს“, – აცხადებს მაჭავარიანი.
ცნობისთვის, ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უცხოური გრანტების გაცემის წესს შეცვლის, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.