მამუკა მდინარაძე: გიორგი გახარიამ უნდა აღიაროს, რომ ამდენი ამბავი ან უდიდესი არაკომპეტენტურობით დაემართა, ან განზრახ მოქმედება იყო, რომელიც ქართული სახელმწიფოს დასუსტების მიზნით დავალებების შესრულებას უკავშირდებოდა
გიორგი გახარიამ უნდა აღიაროს, რომ ამდენი ამბავი ან უდიდესი არაკომპეტენტურობით დაემართა, ან განზრახ მოქმედება იყო, რომელიც ქართული სახელმწიფოს დასუსტების მიზნით დავალებების შესრულებას უკავშირდებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იგი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხო, მათ შორის, ნიკა მელიას დაკავებაზე გაკეთებულ განცხადებას და მას გახარიას მესამე ტყუილი უწოდა.
„ნიკა მელიაზე დღეს გავიგეთ ახალი რეალობა, რომ თურმე, წყენია, ბიძინა ივანიშვილი ჩაერია რაღაცებშიო. მესამე ტყუილი და ახალი რეალობის შექმნის რაღაც მცდელობა!
წვალებით, დღეს აღიარებინეს, რომ შეხვდა აშშ-ის ელჩს, ძლივს ათქმევინეს. იმ დღეებში ყველას ვხვდებოდი სხვადასხვა თემაზეო. რა სხვადასხვა თემა! იმ დღეებში ერთადერთ თემაზე იყო ატეხილი ამბავი. აღიარა, რომ დიახ, ამ თემაზე იყოო, ოღონდ რამდენი იწვალა! რამდენი დასჭირდათ კომისიის წევრებს, რომ აქამდე მისულიყო. ეს ეპასუხა და როგორც იქნა, უპასუხა და აქაც თქვა უდიდესი ტყუილი. მაშინ, როდესაც მომდევნო დღესვე, როგორც კი მელია დააკავეს, აშშ-ის საელჩომ საქართველოში გააკეთა განცხადება, რომ მოწოდების მიუხედავად მაინც ასე იმოქმედესო, ნეგატიურ კონტექსტში იყო განცხადება გაკეთებული. გახარია დღეს ცდილობდა დაერწმუნებინა, მოეტყუებინა ქართული საზოგადოება, რომ თითქოს, ელჩმა უთხრა, აღასრულეთ სამართალიო და აქაც აიხლართა. რაც კი თქვა, ერთი მართალი არ უთქვამს, რაღაც მარტივ, არაფრის მომცემ დეტალებზე რომ არ შევჩერდეთ.
რაც კი მნიშვნელოვანი იყო, არც ერთი სიმართლე არ უთქვამს, ანუ რაზეც ისაუბრა, ყველაფერი მოიტყუა. მთავარი კითხვა ეს არის – მან უნდა აღიაროს, რომ ჩორჩანა, 20 ივნისი, მელიასთვის გადადგომა, პანკისში როგორ მოექცნენ პოლიციელებს მისი დაუგეგმავი, თუ განზრახ მოქმედების გამო; სარალიძის საქმე – „ნაცების“ მოთხოვნით შექმნილმა ჩვენმა კომისიამ რაც დაადგინა – ყველაზე მეტი ბრალეულობა მაინც პოლიციისკენ და დაგეგმვისკენ მიდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ გამომძიებლები და რიგითი ადამიანები კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ. ხარვეზები მაგ მიმართულებით იყო. ეს კასკადი ასეთი მოქმედებების ან იყო აბსოლუტური უმეცრების, არაკომპეტენტურობის ბრალი, ან იყო დავალება და დავალების შესრულება აგენტის მიერ – უნდა თქვა, რომ დაავალეს გარედან“, – განაცხადა მდინარაძემ.
მან ასევე „ბასიანში“ განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა, რომელიც იმ პერიოდში საზოგადოებაში ასევე დიდი ნეგატივის გამომწვევი მოვლენა იყო.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არის აგენტი, რომელსაც ავალებდნენ და ქართული სახელმწიფოს დასუსტების მიზნით ასეთ რაღაცებს აკეთებდა. იმის შემდე ვახტანგ გომელაურმა რატომ არ დაუშვა არც ერთი მსგავსი შეცდომა?!“, – აღნიშნა მდინარაძემ.