მამუკა მდინარაძე – გიორგი გახარიაზე: რაღაც მომენტში შემეცოდა, ისე აიხლართა თავის ტყუილებში – კაცი რომელიც ამბობს, რომ 20 ივნისს იქით ვამშვიდებდი ვიღაცასო, წარმოიდგინეთ, რა დღეშია

რაღაც მომენტში შემეცოდა, ისე აიხლართა თავის ტყუილებში – კაცი რომელიც ამბობს, რომ 20 ივნისს იქით ვამშვიდებდი ვიღაცასო, წარმოიდგინეთ, რა დღეშია!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი გახარიაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თავის ტყუილებში აიხლართა.

„მე ვარ ის ადამიანი, რომელიც პირველი მივედი „ქართული ოცნებიდან“. მთელი დღე არ დამიტოვებია პარლამენტის შენობა. გემახსოვრებათ, ჩემი იქ მივარდნა და სიტუაციის განმუხტვის მცდელობები.

დასამშვიდებელი იყო ერთადერთი კაცი იმ დღეს და ამშვიდებდა ლომჯარია, ზვიად ძიძიგურის კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში. 2-3 ადამიანი იყო-ხოლმე ძირითადად, გიჟივით დარბოდა წინ და უკან, ვერ იგებდა, რა უნდა გაეკეთებინა. ერთადერთი, როგორც ჩანს, რაც გაიგო, დავალება გასცა, რომელი დავალებითაც დღეს ხელი შეაწმინდა ქართველ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს. ეს იკადრა. მთელი დღე გვესმოდა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება თავისი თავის წინააღმდეგ. პირველი იყო 20 ივნისი, როცა სამი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსია თქვა და ხელი შეაწმინდა პოლიციელებს. ლომჯარია არ ახსოვდა. წარმოიდგინეთ, სახალხო დამცველი იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, ეს ხომ ორი სხვადასხვა მხარეა. ერთი ღონისძიებას უნდა მართავდეს და მეორე უნდა იცავდეს ხალხს. ორი აგენტი იყო ერთად ამ დღეს. თორემ ლეგიტიმური მოგერიება, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ თურმე კაცს რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ გასცა ტყვიის გასროლის ბრძანება, ვიდრე წყლის ჭავლი და გაზი იქნებოდა გამოყენებული, ალბათ ხვდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები