მამუკა მდინარაძე: „ნცკლასტერს“ კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ რამდენად პლინტუსს მიღმაა მათი რეიტინგიც და მორალური უფლებაც, საერთოდ წარდგნენ საზოგადოების წინაშე, როგორც პოლიტიკოსები
„ნცკლასტერს“ კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ რამდენად პლინტუსს მიღმაა მათი რეიტინგიც და მორალური უფლებაც, საერთოდ წარდგნენ საზოგადოების წინაშე, როგორც პოლიტიკოსები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რადგან საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადა კიდევ 4 თვით გრძელდება, ამ შემთხვევაში, მათი დასკვნა გადაიწევს სექტემბრამდე, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის აკრძალვა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოხდება და შესაბამისად, „ნაცმოძრაობას“ ამ წლის არჩევნებზე მონაწილეობის უფლება ექნება.
„ჩვენ არ მივცემთ ოპოზიციას სპეკულირების საშუალებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფორსირებულად, დაჩქარებულად მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც საკითხების შესწავლა, რაღაც სარჩელის შედგენა და ა.შ.
ჩვენ ან უნდა დავეთანხმოთ, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადას გავაგრძელებთ, ან – არა. არ დათანხმების საფუძველი არ გვაქვს, მართლაც აურაცხელი, უდიდესი მასალაა და იმ ვადაშიც კი როგორ უნდა მოესწროს, ესეც ცოტა წარმოუდგენელი ამბავია, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ და მოასწრებენ. ფაქტია, რომ უნდა მოასწრონ და ეს ამოცანა დაისახეს მიზნად.
ოთხი თვის შემთხვევაში, ჩვენ რადგან ვუგრძელებთ და უარს არ ვამბობთ ამ არგუმენტების გამო, რაც მე ჩამოვთვალე, ამ შემთხვევაში უკვე სექტემბრისთვის გადაიწევს დასკვნა. სექტემბერში რომ ჩვენ დაჩქარებული წესით დასკვნის შემდეგ მოვამზადოთ საკონსტიტუციო სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება ჩქარა განიხილოს ეს სარჩელი, რომ ეს მოესწროს არჩევნებამდე, ეს იქნებოდა სპეკულაციის საშუალება. ამიტომ რადგან ასე დადგა საკითხი, ჩვენ უარს არ ვამბობთ ვადის გაგრძელებაზე, რაც გამოიწვევს ერთი-ორი თვით ამ საკითხის გადაწევას, ანუ მათი აკრძალვის გადაწევას. ამაზე არ ვამბობთ უარს, რომ არ მოახერხონ მათ გარკვეული სპეკულაციები. გვგონია, ეს არ ვიცი რამდენად ობიექტური მოლოდინია, მაგრამ ჩვენი წარმოდგენა ასეთია, რომ რადგან „ნაცკლასტერის“ წარმომადგენლებს ამით უჩნდებათ საშუალება, რომ მიიღონ მათთვის ბოლო არჩევნებში მონაწილეობა, მე პირადად მგონია, რომ მათ დაავალებენ მიიღონ მონაწილეობა. ან ნაწილს დაავალებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ და ნაწილს – არა. მსგავსი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს და კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რამდენად პლინტუსს მიღმაა მათი რეიტინგიც და მორალური უფლებაც, საერთოდ წარდგნენ საზოგადოების წინაშე, როგორც პოლიტიკოსები“, – აღნიშნა მდინარაძემ.