ნინო წილოსანი: ქართული ენის შენარჩუნება და დაცვა, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი
„დღევანდელი დღე არა მხოლოდ ჩვენი ენის, არამედ ჩვენი ეროვნული იდენტობის აღნიშვნაა. ენა გვაერთიანებს და ჩვენი კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის გამოხატვის საშუალებას გვაძლევს. ის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია რის გამოც ჩვენ, ქართველები გვქვია და რითაც განვსხვავდებით მსოფლიოს 194 ქვეყნისგან“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო ენების კლასიფიკაციაში ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია. სწორედ, ქართული ანბანის უნიკალურობის დასტურია იუნესკოს მიერ არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარებაც.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა გვასწავლის, რომ ენა არის ჩვენს რწმენასთან და მამულთან ერთად, ის განუყოფელი ნაწილი, რომელიც თვითმყოფად და დამოუკიდებელ ერად გვაყალიბებს.
„საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრები ერის ღირსების – ენის, მამულის და სარწმუნოების დასაცავად იბრძოდნენ მედგრად. 1978 წლის 14 აპრილს სწორედ ქართული ენის დასაცავად გაერთიანდა ჩვენი საზოგადოება. გავერთიანდით და დავიცავით კიდეც, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებმაც საბჭოთა მანქანასთან ბრძოლაში დათმეს თავისი უპირატესი საგანძური – ენა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ქართული ენის დაცვა და მომავალი თაობებისთვის მისი გადაცემა, ღირსების საკითხია.
„ჩვენი ენის შენარჩუნება და დაცვა, ისევე როგორც მისი სიყვარული, არის ეროვნული ინტერესების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების ფონზე“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.