მაკა ბოჭორიშვილი – „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი” ევროპაში ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია, სადაც პოლიტიკოსები და ექსპერტები იკრიბებიან გლობალურ, ეკონომიკურ საკითხებზე სამსჯელოდ; ფორუმზე საქართველოს პოტენციალზე, დაკავშირებადობაზე, ეკონომიკურ მიღწევებზე გვქონოდა საუბარი

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა,  „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში” მონაწილეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხმა ისმოდეს ყველა იმ ფორუმზე, რომელიც იმართება საერთაშორისო მასშტაბით და შეეხება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებს.

„ საბერძნეთში გამართული „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი” ევროპაში ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია, სადაც პოლიტიკოსები და ექსპერტები იკრიბებიან გლობალურ, ეკონომიკურ საკითხებზე სამსჯელოდ და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ საქართველოს პოტენციალზე, დაკავშირებაზე, ეკონომიკურ მიღწევებზე გვქონოდა საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ფორუმი სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ და გამოვიყენებთ სხვა ფორუმებსაც, წინ კიდევ ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი მიმდინარე წელს. საქართველო ნამდვილად იქნება წარმოდგენილი ყველგან, სადაც კი ამისი შესაძლებლობა იქნება, რომ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო არენაზე სათანადოდ იყოს გაჟღერებული”,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო დისკუსიები იყო სხვადასხვა თემაზე.

„შესაძლებლობა მქონდა, კონკრეტულად საქართველოზე ფოკუსით მესაუბრა დიალოგის ფორმატში, საქართველოს საკითხებზე იყო მიძღვნილი ერთი სესია და გარდა ამისა, იყო სხვა თემები, რომელიც ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს იქ, სადაც საუბარი არის შავ ზღვაზე, როდესაც განიხილავენ შავი ზღვის როლს და უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციების გაჟღერება და ჩვენი ხედვების გაზიარება პარტნიორებისთვის. ამისი შესაძლებლობაც მომეცა სხვადასხვა მონაწილეებთან ერთად”,- აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები