დიპლომატია თავის სიტყვას იტყვის რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში – მაკა ბოჭორიშვილი
იმედის ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის მთავარი თემის – პოლიტიკურ პროცესებში დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კერძოდ, მან მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კონფლიქტების ფონზე დიპლომატიის როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ დიპლომატიას ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, დიპლომატია და დიალოგი მთავარი ინსტრუმენტი უნდა გახდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.
„დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ საკმაოდ დაძაბულ სამყაროში, სადაც უფრო მეტად ძალისმიერი მეთოდებით ხდება პრობლემების გადაჭრა და ამის მოწმე ვართ განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში”. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატია თავის სიტყვას იტყვის და თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში. „დღეს სამწუხაროდ ასეა – დიდი ადგილი დიპლომატიას არ ეთმობა. მეტი ადგილი უჭირავს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას, მაგრამ ნებისმიერ ვითარებაში,დიალოგს და საუბარს ალტერნატივა არ გააჩნია” – განაცხადა „დღის ქრონიკაში” საგარეო საქმეთა მინისტრმა.