“საქართველოს აქვს ორი რეგიონი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და ამ პირობებში შეუძლებელია ჩვენთვის საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე”,- ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის განცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.
ბოჭორიშვილის განმარტებით, ოკუპაციის პირობებში ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი შეუძლებელია.
„ჩვენ პერიოდულად გვესმის ხოლმე ის განცხადებები, რაც კეთდება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით. საკითხი ერთგვარად მარტივია, ყველამ კარგად იცის რა არის პრობლემა საქართველოსა და რუსეთს შორის და რა უდგას წინ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ეს არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სწორედ ეს არის #1 შემაფერხებელი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების. ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია ვისაუბროთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ან ურთიერთობების ნორმალიზებაზე.
აქ არის მეორე საკითხი, თუ როგორ ხდება მსგავსი განცხადებების გამოყენება საქართველოში და ესეც ერთგვარად რაღაც სიცოცხლის ძალის მისანიჭებლად ხდება თითქოს, რომ ოპოზიციურ ძალებს ჰქონდეთ დღის წესრიგი, დაცლილი დღის წესრიგის პირობებში და რაღაცნაირად შექმნან ახალი თემები, რაზედაც გააკეთებენ კომენტარებს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საკითხი მარტივია, საქართველოს აქვს ორი რეგიონი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ოკუპაციის პირობებში შეუძლებელია ჩვენთვის საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.