მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხმა ისმოდეს ყველა იმ მნიშვნელოვან ფორუმზე, რომელიც იმართება საერთაშორისო მასშტაბით და შეეხება ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებს

“ზოგადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხმა ისმოდეს ყველა იმ მნიშვნელოვან ფორუმზე, რომელიც იმართება საერთაშორისო მასშტაბით და შეეხება ჩვენთვის მნიშვნელოვან თემებს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, საბერძნეთში მისი ვიზიტისა და „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობის შეჯამებისას “იმედის” ეთერში განაცხადა..

მისი თქმით, „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ ევროპაში ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია, სადაც პოლიტიკოსები და ექსპერტები გლობალურ და ეკონომიკურ საკითხებზე სამსჯელოდ იკრიბებიან.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ საქართველოს შესაძლებლობებზე, პოტენციალზე, დაკავშირებადობაზე, ეკონომიკურ მიღწევებზე გვქონოდა საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ფორუმი სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ და გამოვიყენებთ სხვა ფორუმებსაც. წინ კიდევ ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი მიმდინარე წელს, რაც სწორედ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება გამართული და საქართველო ნამდვილად იქნება ყველგან წარმოდგენილი, სადაც კი ამის შესაძლებლობა იქნება, რომ მონაწილეობა მივიღოთ იმისათვის, რათა საქართველოს პოზიციები საერთაშორისო არენაზე სათანადოდ იყოს გაჟღერებული.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო თემებს, ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა თემაზე. შესაძლებლობა მქონდა კონკრეტულად საქართველოზე ფოკუსით გვესაუბრა დიალოგის ფორმატში. საქართველოზე იყო მიძღვნილი ერთი სესია, საქართველოს საკითხებზე და გარდა ამისა, იყო გარკვეული თემები, რომელიც ჩვენთვის საინტერესოა და მნიშვნელოვანია.

ვფიქრობ, საქართველოს ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს იქ, სადაც საუბარია შავ ზღვაზე, როდესაც განიხილავენ შავი ზღვის როლს და შავი ზღვის უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციების გაჟღერება და ჩვენი ხედვების გაზიარება ჩვენი პარტნიორებისადმი. ამის შესაძლებლობაც მომეცა სხვადასხვა მონაწილესთან ამ თემაზე მემსჯელა სწორედ „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები