“რა გვაკადრეს დონორებმა და მათმა „ენჯეოებმა“ 9 აპრილს, არცერთი დონორი დღემდე არ გამიჯვნია ამ საზიზღარ კამპანიას” – პაპუაშვილი

“არასამთავრობოები და მათი დონორები დღეს არიან სიძულვილის გაღვივებისა და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის მცდელობის მთავარი წყარო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„შეგახსენებთ, რა გვაკადრეს დონორებმა და მათმა „ენჯეოებმა“ 9 აპრილს, როდესაც გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს, მოქალაქეებს. რომლებსაც სურდათ, მისულიყვნენ და პატივი მიეგოთ 9 აპრილს ტრაგედიის დროს დაღუპული გმირების სხოვნას. ეს გვაკადრეს, რომ ამ თარიღში, რომელიც მთლიანად ერს აერთიანებს, შემოეტანათ დაყოფა. ეს გაკეთდა დონორების დაფინანსებით, რამდენიმე „ენჯეოს“ ხელით. ამას შემდეგ მოჰყვა ის სიძულვილის, ზიზღის კამპანია, რომელიც რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან არის მართული დონორების ხელშეწყობით. შეგახსენებთ, არცერთი დონორი დღემდე არ გამიჯვნია ამ საზიზღარ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რამდენიმე „ენჯეო“. მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახლთან შუაღამეს მივარდნა, როცა იქ მცირეწლოვანი ბავშვიც იყო, მუქარები – სიკვდილისთვის გამეტება და ასე შემდეგ სხვადასხვა „ენჯეო“ წარმომადგენლის მხრიდან.

არცერთი დონორი, რომელიც ამ ორგანიზაციებს აფინანსებს, არაფრად აგდებს ქართულ საზოგადოებას. იმის ღირსადაც არ აგდებენ, რომ ის მაინც თქვან, რომ მიუღებელია, არ შეიძლება, არასწორია, თვითონ გამონახონ სიტყვები. თუ არ უნდათ, რომ თავის შექმნილ მონსტრებს მკვახე განცხადებებით გაემიჯნონ, რბილად მაინც თქვან რაღაც. ერთი სიტყვა გვითხრან, გვაკადრონ, გვაღირსონ საზოგადოებას. ამდენ ფულს რომ ხარჯავენ ამ ადამიანებში, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ ჩვენს ქვეყანაში, გვითხრან, არის თუ არა ეს მათთვის მისაღები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები