შალვა პაპუაშვილი: ვფიქრობ, ყველა კეთილსინდისიერ დონორს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს, დასამალი არაფერი აქვს

“ეს ცვლილებები შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენ, რომ არაკეთილსინდისიერი წამოწყებები, რომელიც ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, ზიზღის დათესვას, შიდა პოლიტიკაში არაჯეროვან და სათანადო ჩარევას, იყოს დანახული, ვის აქვს ამის სურვილი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გრანტების შესახებ კანონზე“ საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ყველა კეთილსინდისიერ დონორს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს, თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა სფეროში, დასამალი არაფერი აქვს.

„რაც შეეხება „გრანტების შესახებ კანონში“ ცვლილებებს, როგორც იცით შემოდის გრანტის დონორის მხრიდან მთავრობასთან გრანტის გაცემის შეთანხმება. ეს არ ეხება „ენჯეოების“ მხრიდან გრანტის მიღების თანხმობას, არამედ გრანტის გაცემაზე თანხმობას. ვფიქრობ, ყველა კეთილსინდისიერი დონორი, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში იმოქმედოს, თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა სფეროში, მას არაფერი არც დასამალი აქვს ხალხის მიმართ და ნებისმიერი ასეთი კეთილსინდისიერი წამოწყება როგორც იყო მხარდაჭერილი აქამდე, ამის შემდეგაც იქნება მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან. ამავე დროს, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მავნე პრაქტიკამ, რომელიც არსებობდა, გამჭვირვალე გახდეს და ვნახოთ რა განაცხადები ექნებათ დონორებს სხვადასხვა დაფინანსებისთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებობენ არაკეთილსინდისიერი დონორები. მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც სპეცსამსახურის მეთოდებით, ფარულად აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს, პარტიებს და შემდეგ ჩვენ ამას შემთხვევით ვიგებთ ხოლმე. მათ შორის ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ რომ იყო მასიური ჩარევა არჩევნებში გარედან ზუსტად ამ ფულით.

შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიაში რამდენიმე „ენჯეოს“ გავლით უცხო ქვეყნები და პოლიტიკური ჯგუფები ერეოდნენ საარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არაერთი ფაქტით დადასტურდა, არაერთი განცხადებით, რაც გვესმოდა სხვადასხვა პირიდან. 20 ოქტომბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავისუფლების მოედანზე გაიმართა საბოლოო საარჩევნო შეკრება, რომელიც ისტორიაში პირველად არა ოპოზიციამ, არამედ „ენჯეოებმა“ მოაწყვეს და დააფინანსეს უცხოური ფულით. ასე რომ, ეს [ცვლილებები] შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენ, რომ არაკეთილსინდისიერი წამოწყებები, რომელიც ემსახურება სიძულვილის გაღვივებას, ზიზღის დათესვას, შიდა პოლიტიკაში არაჯეროვან და სათანადო ჩარევას, იყოს დანახული, ვის აქვს ამის სურვილი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები