“ქართული ენა წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსა და ქართული ცნობიერების მტკიცე და შეუცვლელ დუღაბს, ეს არის – რაც გვაერთიანებს” – პაპუაშვილი

“გილოცავთ ქართული ენის დღეს!

თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. 1978 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დასაცავად ერთბაშად იხუვლა ახალგაზრდობამ და ინტელიგენციამ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების მიზნით გამართული დემონსტრაცია, სინამდვილეში, ქართული იდენტობის დაცვისა და მისთვის თავდადების გმირულ აქტს წარმოადგენდა.

“ენა, მამული, სარწმუნოება! თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ილიასეული ფორმულა საბჭოთა პერიოდშიც კი ინახავდა ქართული ეროვნულობის მუხტს.

14 აპრილი იყო ნამდვილი წინამორბედი ათწლეულის შემდეგ აზვირთებული ეროვნული მოძრაობისა. როდესაც სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ვითხოვდით, ჩვენ ვიცოდით, რისთვის გვჭირდებოდა იგი, რა გვქონდა დასაცავი, საბრძოლი, რა უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის შინაარსი.

ქართული ენა წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსა და ქართული ცნობიერების მტკიცე და შეუცვლელ დუღაბს. ეს არის რაც გვაერთიანებს, რაც გვინახავს წარსულს და რომლის გარეშეც ვერ გვექნება მომავალი.

სამწუხაროა, დღევანდელ დღეს, თუნდაც ადამიანთა მცირეოდენი ჯგუფის ხილვა, რომლებიც ხელოვნურად თავსმოხვეული გლობალისტური იდეოლოგიის გავლენით სამშობლოს ინტერესს უცხოურ გავლენაზე ცვლიან, ქართულ ენას მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ და სარწმუნოებას აბიაბრუებენ.

უფროსმა თაობებმა საბჭოთა, ათეისტურ, უფლებააყრილ ქვეყანაში სათუთად გამოატარეს ენის, მამულისა და სარწმუნოების დროშა, რომლის შეცვლაც დღეს, ასე მზაკვრულად და ვერაგულად, ცხვრის ქურქით შემოპარულმა უცხო მენტალობამ განიზრახა.

ამის მიუხედავად, ქართველ ხალხს უარესი ჟამიც გამოუვლია, ჭკუა, ხერხი და ღონე უხმარია, საკუთარი არ დაუკარგავს და სხვისი არ ნდომებია. რადგანაც ჩვენი მიზნები და მისია მარადიულია, ათასწლეულებს წვდება და უსასრულობისკენაა მიმართული”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები