მსოფლიოში ცნობილ მეცნიერსა და მკვლევარს პოლ გიბსს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორის წოდება მიენიჭა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) პროფესორ პოლ გიბსისთვის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების ღონისძიება გაიმართა. ემერიტუსი პროფესორის წოდების მინიჭების ცერემონიას წინ უძღოდა პროფესორ პოლ გიბსის საინაუგურაციო ლექცია და მისი ხელმძღვანელობით გამოცემული აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და სორბონის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის პრეზენტაცია. აღნიშნული პრეზენტაცია პოლ გიბსმა ჟურნალის რედაქტორთან, სორბონის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის უფროსთან, პროფესორ ლუიზ დელინგუოთერთან ერთად წარმოადგინა.

პოლ გიბსის თაოსნობით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში დაარსდა სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი, ასევე მიდლსექსის უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნა ერთობლივი განათლების სადოქტორო პროგრამა, ჩატარდა არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, განხორციელდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტები და გამოიცა საერთაშორისო სტატიები. პოლ გიბსის ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით გამოაქვეყნეს სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო ჟურნალებში, იგი დღემდე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის ,,სამეცნიერო შრომების კრებულის” სარედაქციო კოლეგიის წევრი.
პროფესორი პოლ გიბსი არის მიდლსექსის უნივერსიტეტის (UK) განათლების კვლევებისა და სტიპენდიების ცენტრის დამაარსებელი. ასევე, არის სიდნეის უნივერსიტეტის (UTS) და კემბრიჯის უნივერსიტეტის (UK) მოწვეული პროფესორი, კვლევითი ინსტიტუტის ATLAS R&B-ის (TEXAS, USA) და New College Oxford-ის უმაღლესი განათლების პოლიტიკის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, პედაგოგი და მკვლევარი. პოლ გიბსის ავტორობით გამოცემულია ოცზე მეტი წიგნი, იგი არის 110-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემების SpringerBriefs-ის სერიის რედაქტორი.
პოლ გიბსისთვის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ემერიტუსი პროფესორის აკადემიური წოდების მინიჭების ღონისძიებას დოქტორანტები, მკვლევარები, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები