სპორტის კომიტეტის სხდომაზე, სტუდენტების სპორტში ჩართულობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

“სპორტის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის წარმომადგენელმა  ნიკა თიკანაშვილმა და სპორტული პროექტების კოორდინატორმა, შოთა ბერუაშვილმა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის საქმიანობაზე, საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებში სტუდენტების მონაწილეობაზე ისაუბრეს,”- ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფედერაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ყოველწლიურად სხვადასხვა სპორტულ ტურნირებსა და ღონისძიებებში, მათ შორის უნივერსაიდებში, ფუტსალის სტუდენტურ ლიგაში, ფრენბურთის სტუდენტურ ჩემპიონატში, სტუდენტურ ფესტივალებსა და სხვადასხვა სახეობაში საქართველოს ჩემპიონატებში 50 ათასამდე სტუდენტი მონაწილეობს.

„ფედერაცია ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის (EUSA) და საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის (FISU) წევრია და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ფედერაციის ეგიდით 2022 წლიდან დღემდე EUSA-ს და FISU-ს მიერ ორგანიზებულ 10-მდე ღონისძიებაში სპორტსმენმა სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა და მსოფლიოს მასშტაბით არაერთი აღიარება მოიპოვეს”, – განაცხადა ნიკა თიკანაშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს, ფედერაცია „მსოფლიო უნივერსიადა 2025″-ზე დარეგისტრირდა, რომელიც 20-27 ივლისს გერმანიაში ჩატარდება. აღნიშნულ სპორტულ ღონისძიებაში ქართველი სტუდენტები მონაწილეობას ძიუდოში, ტაეკვანდოსა და კიკ-ბოქსში მიიღებენ. რაც შეეხება ევროპის სტუდენტურ ჩემპიონატს, რომელსაც მიმდინარე წლის აგვისტოში პოლონეთი უმასპინძლებს, სპორტსმენი სტუდენტები მონაწილეობას კომბატ სპორტის სახეობებში მიიღებენ.

ფედერაციის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის დელეგაციის ვიზიტზეც ისაუბრეს, რომელიც მიმდინარე წლის 2-6 აპრილს შედგა. მათი თქმით, ვიზიტის ფარგლებში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის 25-მა წარმომადგენელმა ევროპაში საუნივერსიტეტო სპორტის განვითარების საკითხები განიხილა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ ფედერაციის საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სტუდენტებში ფედერაციის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს და სპორტულ ტურნირებში და უნივერსიადებში, მომავალ წლებში, უფრო მეტი ქართველი სტუდენტის მონაწილეობა და წარმატება ვიხილოთ.

სპორტის კომიტეტმა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები