“ანტალიის დიპლომატიური ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმა და კარგი შესაძლებლობაა, ორმხრივი შეხვედრები გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გვქონდეს მსჯელობა,”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ჰქონდა, ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიეღო მთავარ პანელში, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში იმართება.
„პრემიერ-მინისტრს დღეს შესაძლებლობა ჰქონდა, ლიდერებთან ერთად მონაწილეობა მიეღო მთავარ პანელში, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში იმართება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს არის კარგი შესაძლებლობა გვქონდეს ორმხრივი შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გვქონდეს მსჯელობა, რაც უკავშირდება საქართველოს, საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს და რა თქმა უნდა, ამ პროცესებში საქართველოს პოზიციონირებას”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ფორუმს და შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები და ქვეყნის პრიორიტეტების წინაშე მდგარი გამოწვევები იყოს გაჟღერებული.
„მათ შორის რა თქმა უნდა, არის ევროკავშირში ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები, ასევე ის მიდგომები, რასაც ჩვენ ბოლო დროს ვაწყდებით ზოგიერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, ზოგიერთი პოლიტიკოსის და ბრიუსელიდან ბიუროკრატების მხრიდან. რა თქმა უნდა, ესეც არის ძალიან ხშირად განხილვის საგანი, ვინაიდან საქართველო ნამდვილად არის ის ქვეყანა, რომელსაც უნდა სცენ პატივი, უნდა სცენ პატივი ქართველი ხალხის არჩევანს და ეს არის დემოკრატიის მთავარი საფუძველი. პატივი სცე ხალხის არჩევანს, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და იმ პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.