ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გაიმართა
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ ფარგლებში ქ. რუსთავში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების ხელმძღვანელი პირები, მასწავლებლები და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრმა, ელეონორა ლაგვილავამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების დონის ამაღლების აუცილებლობაზე. პროექტის ექსპერტმა, თემურ თორდინავამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.
პროექტის – „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისათვის“ მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების მოსწავლეების ცნობიერების დონის ამაღლება სასმელი წყლის, გარემოს, შიდა ჰაერის დაბინძურებისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება გარემოს დაცვის საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობაზე, ამასთანავე მონაწილეებს მიეწოდებათ სიღრმისეული ინფორმაცია წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის აუცილებლობის შესახებ.
პროექტში ჩართული იქნება ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის ორმოცი სკოლის 650 მოსწავლე, ასევე ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების 50 სტუდენტი. პროექტის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და საჯარო ლექციები. ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალური ხელისუფლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან.
პროექტის ხანგრძლივობაა 8 თვე.