NYT: უკრაინამ 2022 წელს აშშ-ის დახმარებით რუსეთის 58-ე არმიაზე იერიში მიიტანა და კრეისერი „მოსკოვი“ ჩაძირა

უკრაინულმა ჯარმა ამერიკული მხარის დახმარებით 2022 წელს რუსეთის 58-ე არმიაზე წარმატებული იერიში მიიტანა და შავ ზღვაში რუსული კრეისერი „მოსკოვი“ ჩაძირა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

სტატიის ავტორის თანახმად, 2022 წლის ზაფხულში უკრაინულმა მხარემ ამერიკული სადაზვერვო მასალების გამოყენებით ხერსონის ოლქში დისლოცირებულ 58-ე არმიაზე წარმატებული თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც არმიის რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო დაიღუპა.

რუსული არმია და მისი მეთაურები ადგილს იცვლიდნენ, თუმცა ამერიკელები მათ კვალს ადგენდნენ და უკრაინელებს ახალ კოორდინატებს აძლევდნენ. უკრაინელები მათ კვლავ ანადგურებდნენ.

გამოცემის თანახმად, სამხრეთით უკრაინელებმა მიზანში სევასტოპოლი ამოიღეს, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი მდებარეობს. 2022 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დახმარებით საზღვაო დრონების ჯგუფმა სევასტოპოლის პორტზე იერიში მიიტანა და რამდენიმე სამხედრო გემი დააზიანა, რის გამოც რუსებმა იქიდან ფლოტი გაიყვანეს.

გარდა ამისა, როგორც The New York Times-ი წერს, 2022 წლის ზაფხულში, როცა უკრაინელები და ამერიკელები ინფორმაციის მორიგ, რუტინულ გაცვლას აწარმოებდნენ, ამერიკელებმა მოულოდნელად რადარებზე რაღაცა აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, მაშინ ამერიკელებმა თქვეს: „ო, ეს „მოსკოვია!“. უკრაინელებმა უპასუხეს: „ღმერთო. დიდი მადლობა. ნახვამდის“.

ამის შემდეგ უკრაინელებმა „მოსკოვი“, რომელიც შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი იყო, ჩაძირეს. ამ ფაქტმა ამერიკელები გააბრაზა, ვინაიდან უკრაინელებმა ისინი არც კი გააფრთხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები