ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მასშტაბურ ღია კარის დღეს უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მასშტაბური ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალი იყო.
KIU-ში მოსულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ. მან დამსწრე საზოგადოებას დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა, ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო, ხოლო აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა.
აბიტურიენტები პირადად შეხვდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამების ხელმძღვანელებს, მიიღეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და დაათვალიერეს ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მეგზურობა გაუწიეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, უშუალოდ, უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.
აღსანიშნავია, რომ 2025-2026 აკადემიური წლისთვის მზადებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) შთამბეჭდავი სიახლეებითა და მიზნებით იწყებს. KIU-ს აკადემიურ სივრცეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები დაემატა.
კერძოდ, უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს, მიიღონ ორმაგი დიპლომი ნეაპოლის (იტალია),ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მედიცინასა (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა) და დიზაინში (სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა). ფსიქოლოგიის მიმართულებით კი, უნივერსიტეტში იწყება ერთობლივი, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა ბამბერგის (გერმანია) უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამები იძლევა დიპლომების საერთაშორისო აღიარებისა და კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობას
KIU-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები:
• კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი, ხორციელდება მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით);
• მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები (ინგლისურენოვანი, ხორციელდება მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით);
• მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი, ხორციელდება მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით);
• დიზაინი (ინგლისურენოვანი, გაიცემა KIU-სა და ნეაპოლის უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომი);
• სამართალმცოდნეობა (ქართულ-ინგლისური);
• ფსიქოლოგია (ქართულ-ინგლისური, გაიცემა KIU-სა და ბამბერგის უნივერსიტეტის ერთობლივი დიპლომი).
KIU-ს ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა:
• მედიცინა (ინგლისურენოვანი, გაიცემა KIU-სა და ნეაპოლის უნივერსიტეტის ორმაგი დიპლომი).
გასული წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, KIU უნივერსიტეტების რეიტინგში ლიდერ პოზიციას იკავებს.
ევროპელი ექსპერტების მიერ KIU აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრესული საგანმანათლებლო ჰაბი ამიერკავკასიის რეგიონში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან – მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM), ფედერიკო ll-ის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბამბერგის უნივერსიტეტთან, კაიზერსლაუტერნ-ლანდაუს ტექნიკური უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. სწავლა ხორციელდება ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ და მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
KIU-ში სტუდენტებს ელოდებათ 160 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშლილი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ულტრათანამედროვე კამპუსი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსები, თანამედროვე ლაბორატორიები და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, მრავალფეროვანი სტუდენტური პროგრამები, სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამა, კონკურსები, ოლიმპიადები, პროფესიული კლუბები, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, სამეცნიერო სემინარები და ვორქშოპები. წარჩინებულ სტუდენტებს KIU სთავაზობს სხვადასხვა სახის სტიპენდიას, სტაჟირებასა და გაცვლით პროგრამას.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ დეტალები იხილეთ KIU სტუდენტური გრანტების ფონდის სახელმძღვანელოში. KIU-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ვებგვერდზე განთავსებულ აბიტურიენტთა ცნობარში. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სარეგისტრაციო კოდია – 197.