ღვინის ეროვნული სააგენტო აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას კიდევ უფრო მაშტაბურს გახდის

ქართული ღვინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ბაზარზე – აშშ-ში, მისი ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან – „Colangelo & Partners“ ხელშეკრულება გააფორმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, კომპანიის „Colangelo & Partners“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, დაგეგმილია ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ მიმართულებებს ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე მოთხოვნისა და გაყიდვების ზრდის უზრუნველსაყოფად. არსებული აქტივობების პარალელურად, გაძლიერდება მომხმარებელზე ორიენტირებული ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ამერიკელი მომხმარებლების ჩართულობის ზრდას.

„Colangelo & Partners“-ის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ასევე, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. გარდა ამისა, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

2022 წლიდან, მარკეტინგული კომპანია „Colangelo & Partners“ ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტის ფარგლებში უწევს პოპულარიზაციას. ამ პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. 2024 წელს ექსპორტმა 1,2 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება.

აშშ ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია ქართული ღვინისთვის. აქ ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ქართული ღვინის მაღალი ხარისხისა და მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები