საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის 2 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
ამის შესახებ მან პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს მინდა გამოვაცხადო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტი 2 მილიარდი ევროს ოდენობით“, – თქვა მაკრონმა.
მანვე დასძინა, რომ აღნიშნული დახმარება პირდაპირ პასუხობს უკრაინის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტულ საჭიროებებს.
მაკრონის თქმით, პაკეტში შედის MILAN-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, MICA-ს ტიპის რაკეტები Mirage მებრძოლებისთვის, Mistral-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები, VAB AMX-10 RX ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა, მათ შორის დისტანციურად მართვადი საბრძოლო მასალა.