გრიგორი კარასინი – საუდის არაბეთში აშშ-თან გამართული მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა
რუსეთი და შეერთებული შტატები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის გაეროს და ცალკეული ქვეყნების მონაწილეობით,- ამის შესახებ, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
მისივე თქმით, საუდის არაბეთის დედაქალაქში რუსეთისა და შეერთებული შტატების ექსპერტთა ჯგუფებს შორის მოლაპარაკებებზე დიალოგი არ იყო ადვილი, მაგრამ სასარგებლო იყო ორი ქვეყნისთვის, რადგან ბევრი პრობლემა იყო განხილული.
“ყველაფერი განიხილეს, იყო მრავალფეროვანი, რთული დიალოგი, მაგრამ ძალიან სასარგებლო ჩვენთვის და ამერიკელებისთვის. ბევრი პრობლემა განიხილეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ მოგვარებულა, ყველაფერი არ იყო შეთანხმებული, მაგრამ ის, რომ ასეთი საუბარი შედგა, მე მგონი, ძალიან დროულია ახალი ადმინისტრაციის მოსვლისა და ახალი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც მივიდნენ ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაზე”,- აღნიშნა კარასინმა.
კარასინისვე განცხადებით, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის გაეროს და ცალკეული ქვეყნების მონაწილეობით.
შეგახსენებთ, გუშინ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა, რომელიც 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შედეგების შესახებ მხარეები ერთობლივ განცხადებას დღეს გამოაქვეყნებენ.