მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში საჯარო ლექცია წაიკითხა

უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში საჯარო ლექცია წაიკითხა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უნგრეთის ახალგაზრდა დიპლომატებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

„საჯარო გამოსვლაში მაკა ბოჭორიშვილმა ვრცლად ისაუბრა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს წინაშე დამდგარ გამოწვევებსა და შექმნილ შესაძლებლობებზე, ასევე, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უნგრეთთან თანამშრომლობის საკითხებზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ევროპული არჩევანი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იყო გაცხადებული. მან მიმოიხილა ბოლო წლების ხელშესახები პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაში შექმნილი რიგი გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ღია დიალოგის გზით არის შესაძლებელი.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ საქართველო, სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, მოწინავე პოზიციებზეა ბიზნესის კეთებისა და კორუფციის დაბალი დონის პარამეტრებით. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და ბოლო წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად აქცევს და ახალ შესაძლებლობებს უხსნის რიგ სახელმწიფოებთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ახორციელებს რეგიონისთვის მომგებიან სხვადასხვა პროექტს და იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც გეოგრაფიული მდებარეობა აძლევს დაკავშირებადობის პროექტების განვითარების მიმართულებით. ასევე, საქართველოს შეუძლია იყოს მომგებიანი ევროკავშირისთვის და თავისი წვლილი შეიტანოს ფართო ევროპულ უსაფრთხოებაში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც და განაცხადა, რომ საქართველო მადლიერია უნგრეთის მიერ აღმოჩენილი დახმარების გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი სხდომის გამართვა, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს განსახილველად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები