დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ცნობილი ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანია განახორციელებს

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ღვინის ტურები მოეწყობა საქართველოში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზურნველყოფით, 2025 წელს, დიდ ბრიტანეთში ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებს მარკეტინგული კომპანია „Swirl Wine Group” განახორციელებს, რომელსაც ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. 2024 წელს, ექსპორტირებული იყო 426 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 72%-ითაა გაზრდილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითად მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა. ღვინის ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სააგენტო მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები