პარლამენტის თავმჯდომარე „ვენეციის კომისიის“ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იტალიაში გრძელდება. „ვენეციის კომისიის“ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილმა საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობაზე და მიღწეულ პროგრესზე, ასევე, ქვეყანაში კონსტიტუციონალიზმის განვითარებაზე და საქართველოს ხელისუფლებასა და ვენეციის კომისიას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. უსუფაშვილის თქმით, მან კომისიას „კარგი ამბები ამცნო საქართველოდან“. კერძოდ კი ის, რომ „საქართველოში კონსტიტუციის კითხვა დაიწყეს ჟურნალისტებმა, პარლამენტის წევრებმა, პარლამენტის თვაჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, მათმა მრჩევლებმა.
„კომისია, რომელიც ახლა შექმნილია, სრულიად განსხვავებულ გარემოში მოქმედებს. უპირველეს ყოვლისა, განსხვავება ისაა, არავინ არ ელის იმას, რომ სადმე ჩუმად დაიწერება ტექსტი და მას კონსტიტუციაში ცვლილებად გამოვაცხადებთ, იმიტომ რომ ეს არის შეუძლებელი. თავად უმრავლესობა საკმაოდ მრავალფეროვანია და იქ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის. ასევე კომისიას საქართველოდან კარგი ამბები ვამცნე. ის, რომ კონსტიტუციის კითხვა საქართველოში, პროფესორებისა და იურისტი სტუდენტების გარდა, დაიწყეს ჟურნალისტებმა, პარლამენტის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.