“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ბიზნესი უმოწყალოდ იყო გაძარცვული, შესაძლებლობა ჰქონდათ, ტერორი რეალობაში განეხორციელებინათ, დღეს ეს რესურსი არ აქვთ” – ვოლსკი
“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ბიზნესი უმოწყალოდ იყო გაძარცვული, შესაძლებლობა ჰქონდათ, ტერორი რეალობაში განეხორციელებინათ, დღეს ეს რესურსი არ აქვთ. ამ რესურსის შესაძენად ბრიუსელში დადიან”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მან გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის პოსტი შეაფასა, სადაც ჯაფარიძე აღნიშნავს: „დროის გასვლასთან ერთად, ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი, დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი“. მისივე თქმით, „რუსული რეჟიმის მმართველობა დროთა განმავლობაში გახდება გაცილებით რეპრესიული“.
„ალბათ სჯობს, ვთქვათ, „ადამიანი – გირჩი“ აცხადებს, რომ ტერორი ჩვენი ხელწერაა. ისინი ტერორს ვერ ახორციელებენ და ადამიანებს მოუწოდებენ, იქნებ ამ ტერორისტულ მოძრაობაში ჩაერთონ. ადამიანებზე ტერორი მისი იდეაა. ამას ის აჟღერებს, თორემ მთლიანად ტერორისტების გუნდია, რომელიც თავის მიზნებს ახორციელებდა მაშინაც კი, როცა ის „ნაცმოძრაობის“ გენმდივანი იყო და როცა ეს ალიანსი დაიშალა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს შესაძლებლობა ჰქონდათ, ტერორი რეალობაში განეხორციელებინათ და დღეს ეს რესურსი არ აქვთ. ისინი ამ რესურსის შესაძენად ბრიუსელში დადიან, რათა ვინმემ თანხა მისცეთ, რომ გადატრიალება მოხდეს და იმ ადამიანებზე განახორციელონ ტერორი, ვინც შეიძლება, მომავალში მათთვის საფრთხედ იქცეს.
ანუ, პოლიტიკაში ხელისუფლების სრული უზურპაციის თემა შემოიტანონ, რაც რასაკვირველია, „ნაცმოძრაობისთვის“ სიახლეს არ წარმოადგენს. ანუ, ახალი თაობისთვის არის ახალი. სწორედ ახალი თაობის ტვინის გამოსარეცხადაა ნათქვამი, რომ დაჩაგრული – გირჩი გაყვირის იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესი უნდა დაიჩაგროს. ის არ ახსოვთ, რომ მათი ხელისუფლების დროს ბიზნესი არათუ დაიჩაგრა, არამედ გაძარცვული იყო უმოწყალოდ და ბევრმა ადამიანმა თავისი ოჯახის ბედზე იწვნია ის, რასაც გირჩების ხელისუფლება წარმოადგენდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.