მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გუნდის მხარდაჭერამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო – ეს პირადი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო ინსტიტუტისთვის, რომელიც უნდა დაბრუნდეს საკონსტიტუციო ჩარჩოში

ჩემი გუნდის მხარდაჭერამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო. ეს პირადი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო ინსტიტუტისთვის, რომელიც უნდა დაბრუნდეს საკონსტიტუციო ჩარჩოში,  –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ Radio Courtoisie-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, როგორ გრძნობს თავს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება. მისივე თქმით, პირად პასუხისმგებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანია რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტი საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნდეს, ვინაიდან წინამორბედმა სალომე ზურაბიშვილმა, არაერთხელ დაარღვია საპარლამენტო რესპუბლიკის წესრიგი.

„როდესაც გავიგე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი ვიყავი, ამას არ ველოდი. დიახ, 9 წელია, რაც „ქართული ოცნების“ და პარლამენტის წევრი ვარ. ორი წლის წინ, შევქმენით ჩვენი პარტია – „ხალხის ძალა“. თუმცა, არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მივიღეთ მონაწილეობა. და ამ წინადადების მოულოდნელობის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი პარტიის ხელმძღვანელებთან და ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ჩემი გუნდის მხარდაჭერამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო. ეს პირადი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო ინსტიტუტისთვის, რომელიც უნდა დაბრუნდეს საკონსტიტუციო ჩარჩოში. ვწუხვარ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დაარღვია წესრიგი, რომელიც ჩვენს საპარლამენტო რესპუბლიკას მართავს.“ –  აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტი შეეხო მის საფეხბურთო კარიერასაც და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში გუნდური სულისკვეთება და თავდამსხმელის გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია.

„ხანდახან, როდესაც პარლამენტში ჩემს ზოგიერთ ქმედებას განიხილავდნენ, მეკითხებოდნენ, რატომ ვაკეთებდი ამას და ვპასუხობდი – რადგან მე თავდამსხმელი ვარ; და კვლავ ვრჩები თავდამსხმელად. ეს სათამაშო გამოცდილება და გუნდური სულისკვეთება უკიდურესად მნიშვნელოვანია; გამარჯვების იგივე სურვილი გამაჩნია და სწორედ შეტევასა და დაცვას შორის ბალანსის წყალობით ვიგებთ არჩევნებს.“ –  განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები