მარიამ ლაშხი – ლორა თორნტონზე: როდესაც ის საუბრობს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, ეკონომიკის დაქცევასა და სხვადასხვა ტიპის გადატრიალების მაგალითებზე, ამით ის ცეცხლს უხსნის არა რომელიმე პარტიას, არამედ ცეცხლს უხსნის ქართველ ხალხს
“რაც ქალბატონი ლორას მხრიდან ხდება, ეს არის ძალიან უხეში დარღვევა ყველანაირი ნორმის და პირველ რიგში არის შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოში პროტესტის მუხტის გაძლიერებაზე
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის განცხადებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ის ანგარიში იყო ერთგვარი გაიდლაინი და სახელმძღვანელო აქტივისტებისათვის, პირდაპირ მსხვერპლზეც იყო საუბარი. მსგავსი ტიპის ანგარიშების შექმნა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ისტორიად დარჩება, ალბათ, ქალბატონ ლორას მოღვაწეობაში. მისი პირველადი გეგმა ვერ განხორციელდა და ვერც განხორციელდება, იმიტომ რომ დღეს სახელმწიფოს ჰყავს ძლიერი ძალა, რომელიც იცავს მსგავსი ტიპის უხეში ჩარევისაგან და ეს არ არის მხოლოდ პარტიასთან ბრძოლა, მან მსგავსი ტიპის ანგარიშებით და მსგავსი ტიპის განცხადებებით ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს; როდესაც ის საუბრობს მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, მათ შორის ეკონომიკის დაქცევაზე თუ ეკონომიკის შეჩერებაზე და სხვადასხვა ტიპის გადატრიალების ტიპურ მაგალითებზე, ამით ის ცეცხლს უხსნის არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ან ხელისუფალს, ის პირველ რიგში ცეცხლს უხსნის ქართველ ხალხს და მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ბრძნულად, გაანალიზებულად შეხედავს მის ასეთ ქმედებებს. თუმცა, სამწუხარო არის ისიც, რომ მისი ინსტიტუტის ფელოუ არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ოპოზიციურ რადიკალურ მიმართულებაში ცდილობს აქტიური როლი შეასრულოს და სულ მცირე სირცხვილია, როდესაც იმ ტიპის ინსტიტუტის სტიპენდიატი ხარ, რომელიც პირდაპირ ცეცხლს უხსნის შენს მოსახლეობას. შესაბამისად ეს მხოლოდ მათი წარმოჩენა და კიდევ ერთხელ სინათლეზე გამოყვანაა მათი მცდელობების და მათი ზრახვების. ეს სახელმწიფოს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ ვინ – ვის უკან დგას და რა მცდელობები აქვს, მაგრამ ხელისუფლება არის ძლიერი, არის მკაფიო და დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. აქ ახლა ჯერი უკვე იმ მცირე მოსახლეობაზეა, რომელმაც სწორად უნდა შეაფასოს ეს პროცესები, აღიქვას და გააანალიზოს რაც ხდება“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.