ირაკლი ქადაგიშვილი – ამ ომის გაგრძელება ნიშნავს, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო მიიღებს გამოუსწორებელ ზიანს
„ამ ომის გაგრძელება ნიშნავს, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო კიდევ უფრო მძიმე და გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს. ამიტომ, ომის შეჩერება აუცილებელია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ომის შეჩერება არ შედის ბევრი მოთამაშის ინტერესებში,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ამიტომ, გარკვეულწილად, მშვიდობის იძულების ერთგვარ პოლიტიკურ ზეწოლას ვხედავთ“.
„ალბათ, ის ბოლო განცხადებებიც ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, რაც ტრამპმა გააკეთა. ფაქტია, რომ ომი თუ გაგრძელდება, ეს ომი უკრაინისთვის კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დასრულდება. სამშვიდობო ფორმატის გახსნა და ცეცხლის შეწყვეტა ნომერ პირველი ამოცანაა. რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი რუსეთის შეჭრით დაიწყო, მაგრამ არც არავის სურდა ამ ომის წინაპირობების ისეთი კუთხით განხილვა და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ამ შესაძლო აგრესიას ააცილებდა თავიდან. ომის დაწყებიდან ორი-სამი კვირის თავზე სამშვიდობო ხელშეკრულება მზად იყო, რომელიც იმ მომენტისთვის ყველა მხარისთვის მისაღები იყო, თუმცა ვნახეთ, ბორის ჯონსონის ჩარევა, რომელმაც უკრაინას მოუწოდა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადებულიყო და ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელებულიყო. ნათელია, რომ ეს ომი გამარჯვებამდე ვერ მივა. სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მშვიდობა ამა თუ იმ ფორმით დამყარდეს, არ არსებობს. გასაგებია, რომ ზელენსკისთვის და უკრაინისთვის ეს მძიმე გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.